პროკურატურამ ნარკოტიკული საშუალების, მათ შორის განსაკუთრებით დიდი ოდენობით უკანონო შეძენა, შენახვის და რეალიზაციის ხელშეწყობის ფაქტზე ორ პირს ბრალდება წარუდგინა
საქართველოს პროკურატურამ ნარკოტიკული საშუალების, მათ შორის განსაკუთრებით დიდი ოდენობით უკანონო შეძენა, შენახვის და რეალიზაციის ხელშეწყობის ფაქტზე ორ პირს ბრალდება წარუდგინა.
პროკურატურის ინფორმაციით, შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ ერთ-ერთმა ბრალდებულმა უკანონოდ შეიძინა და ინახავდა განსაკუთრებით დიდი ოდენობით 262.81 გრ. ნარკოტიკულ საშუალება მარიხუანას, რასაც თავის საცხოვრებელ ბინაში აფასოვებდა.
ასევე, მეორე ბრალდებულმა უკანონოდ შეიძინა და ინახავდა 6,18 გრ. ოდენობით ნარკოტიკულ საშუალება მარიხუანას, რასაც ბათუმში სხვადასხვა ლოკაციებზე ათავსებდა.
სამართალდამცველებმა ნარკოტიკული ნივთიერებები ბრალდებულების პირადი და საცხოვრებელი ბინის ჩხრეკის შედეგად და სხვადასხვა ლოკაციებიდან ამოიღეს.
ერთ პირს ბრალდება სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის პირველი ნაწილით (ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა და შენახვა) და 260-ე კვარტა მუხლის პირველი ნაწილით (ნარკოტიკული საშუალება – მარიხუანის უკანონო რეალიზაციის ხელშეწყობა) წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად 10 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
მეორე პირს ბრალდება სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მესამე ნაწილის ”ა” ქვეპუნქტით (განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა და შენახვა) და 260-ე კვარტა მუხლის მესამე ნაწილის ”ა” ქვეპუნქტით (განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალება – მარიხუანის უკანონო რეალიზაციის ხელშეწყობა) წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად 17 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს
პროკურატურის შუამდგომლობის საფუძველზე ბრალდებულებს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდათ.