გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი თელავში ღვინის ინდუსტრიის წარმომადგენლებს შეხვდა

0

თელავში ღვინის ინდუსტრიის წარმომადგენლებს საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი ლევან დავითაშვილი შეხვდა. შეხვედრაზე წლევანდელი რთველის საორგანიზაციო საკითხები იქნა განხილული.

ლევან დავითაშვილის განცხადებით, გასულ წელთან შედარებით, წელს ყურძნის მეტ მოსავალს ელოდებიან. “წლიდან წლამდე მასშტაბები იზრდება. შარშან დაფიქსირდა რეკორდული მაჩვენებელი და 250 000 ტ. ყურძენი ინდუსტრიულად გადამუშავდა, რაც მთლიან მოსავალს აღემატებოდა. წინა წლებს თუ შევადარებთ, წელს კიდევ უფრო მეტ მოსავალს ველოდებით, შესაბამისად გამოწვევები საორგანიზაციო კუთხით იზრდება,მაგრამ სამინისტროს გამოცდილება და შესაძლებლობებიც იზრდება”,-განაცხადა დავიტაშვილმა.

“რთველი 2019”-ის საკოორდინაციო შტაბის ოფიციალურ გახსნას კახეთის რეგიონის სახელმწიფო რწმუნებული ირაკლი ქადაგიშვილი და რეგიონის მაჟორიტარი დეპუტატებიც ესწრებოდნენ. შტაბის ხელმძღვანელის ლევან მეხუზლას ინფორმაციით, ღვინის მწარმოებელ კომპანიებს რეგისტრაციის გავლა შეუძლიათ, როგორც საკოორდინაციო შტაბში ისე ონლაინ რეჟიმში. როგორც შეხვედრაზე განაცხადეს, მევენახეებს ყურძნის ჩაბარების პრობლემა არ შეექმნებათ და მოსავალი დაუბინავებელი არ დარჩება.

რთველის საკოორდინაციო შტაბში გამართულ შეხვედრაზე ვენახების კადასტრის პროგრამის პრეზენტაციაც შედგა. წელს 2019 წლის რთველის დროს “ქინძმარაულის”, ახაშენის”, “ყვარლის” და “მიკჯზანის” მიკროზონების ჩაბარება მხოლოდ ვენახების კადასტრის ამონაწერის საფუძველზე მოხდება. რთველი 2019 ” -ი ტრადიციულად დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტიდან დაიწყება.

კომენტარები

კომენტარი