27 აგვისტოდან 6 სექტემბრამდე ზემო აჭარაში კომპლექსური ექსპედიცია მოეწყობა
27 აგვისტოდან 6 სექტემბრამდე ზემო აჭარაში: ხულოს, შუახევისა და ქედის მუნიციპალიტეტებში კომპლექსური ექსპედიცია მოეწყობა.
ექსპედიცია საქართველოს ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრისა და საქველმოქმედო ფონდის „ქართული გალობა“ ერთობლივი პროექტის ფარგლებში გაიმართება.
ფონდ „ქართული გალობის“ “ფეისბუქგვერდის” ინფორმაციით, ეთნომუსიკოლოგები და ქორეოლოგები იმუშავებენ თურქეთელ ქართველებსა და ზემო აჭარის უხუცეს მოცეკვავეებთან და ინსტრუმენტებზე შემსრულებლებთან ერთად, რათა მეცნიერულად აღწერონ აჭარისა და ინეგოლის ტრადიციულ აჭარულ ცეკვებსა და საცეკვაო დასაკრავებში მსგავსი-განსხვავებული ელემენტები.
პროექტი „ინეგოლსა (თურქეთი) და აჭარაში მცხოვრები აჭარლების ტრადიციული ცეკვისა და საცეკვაო დასაკრავების შედარებითი შესწავლა (კომპლექსური ექსპედიცია აჭარაში)“ ფოლკლორის ცენტრის მიერ გამოცხადებული კონკურსის „შენი ფოკლორული იდეა“ გამარჯვებულია.
პროექტის ხელმძღვანელია ეთნომუსიკოლოგი ნინო რაზმაძე. პროექტში ჩართულები არიან ქორეოლოგები – უჩა დვალიშვილი და ალეკო გელაშვილი, მოცეკვავეები და ინსტრუმენტებზე შემსრულებლები ნურულლაჰ ილდირიმი, ქადირ ქანდემირი და ჰასან გენჩი, თურქი ქორეოლოგი იდრის ქუჩუქი და ტექნიკური სამუშაო ჯგუფი.