ოლიკო ცისკარიშვილის პოეტური კრებულის წარდგენა გაიმართება
29 აგვისტოს, 18:30 საათზე, თბილისის მუზეუმების გაერთიანება – ნიკოლოზ ბარათაშვილის მემორიალურ სახლ-მუზეუმში ოლღა (ოლიკო) ცისკარიშვილი-სოსელიას პოეტური კრებულის ,,კესანები მარტოობის ქალაქში” წარდგენა გაიმართება.
ორგანიზატორების ინფორმაციით, ოლიკო ცისკარიშვილს საზოგადოება იცნობს, როგორც – ჟურნალისტს, პედაგოგს, ფოტოხელოვანსა და მთარგმნელს. ამჯერად გაეცნობით მის პირველ პოეტურ კრებულს, რომელშიც თავმოყრილია სხვადასხვა დროს დაწერილი ლექსები.
„ოლიკო წერს მაშინ, როცა დაგროვილ ემოციებსა და სათქმელს სასწრაფოდ სჭირდება თავისუფალი სივრცე – საკუთარი, ლირიული განწყობების თავშესაფარი. კრებულს ლაიტმოტივად გასდევს კესანების არამძაფრი სურნელი, რომელიც აცოცხლებს იმედს. იმედი კი თავისთავად აცოცხლებს სამყაროს“.
ქართლში კესანეს ,,კონკიძველა“დაარქვეს, ზემო იმერეთში ,,ციცინო“, გურიაში ,,ხასიათა“, რაჭაში ,,თიკნიყურა“. ლეგენდის მიხედვით, როცა შეყვარებულები ერთმანეთს ემშვიდობებოდნენ, მამაკაცი ქალს კესანეს ჩუქნიდა, ერთმანეთი რომ არ დავიწყებოდათ. ერთგულებისა და სიყვარულის სიმბოლო, გაზაფხულის ლურჯთვალა მახარობელი.
მისამართი: თბილისი, ჩახრუხაძის N17 , ნიკოლოზ ბარათაშვილის მემორიალური სახლ-მუზეუმი.