ცერებრალური დამბლით დაავადებულ 23 წლის ლადო ავალიანს საზოგადოების დახმარება სჭირდება – მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა დღითიდღე უარესდება

ლადომ ცხოვრებაში მხოლოდ ერთხელ წარმოთქვა სიტყვა „დედა“. სწორედ დედა გახდა მისი მთავარი მამოძრავებელი ძალა. სამწუხაროდ, მამამ საკუთარი შვილი მიატოვა და სიღარიბისა და ტანჯვისთვის გაიმეტა.
როგორც “კვირას” “ჩერნოვეცკის ფონდიდან” აცნობეს, ფოტოზე 23 წლის ლადო ავალიანია, რომელიც დედას კალთაში უზის. ეს ყმაწვილი ცერებრალური დამბლით დაიბადა, ხოლო დროთა განმავლობაში მას მძიმე ეპილეფსიური შეტევებიც დაეწყო. დედამ იგი არ დატოვა საავადმყოფოში, არ გაწირა შვილი და მთელი შემდგომი სიცოცხლე მას მიუძღვნა. დედობრივ სიყვარულზე ძლიერი ხომ არაფერია ამ ქვეყნად ?! დიახ, დედის გული შვილისადმი სიყვარულით არის აღსავსე, თუმცა მატერიალური სიდუხჭირე არ იძლევა ლადოს სათანადოდ მოვლისა და მკურნალობის საშუალებას!
ლადოს მდგომარეობა შოკში ჩააგდებს ნებისმიერ ადამიანს: მისი სხეული სრულიად პარალიზებულია, მას არ შეუძლია ლაპარაკი, პირის გაღება, უჭირს სუნთქვა, საჭმლის ყლაპვა, ხელები დეფორმირებული აქვს, ტანზე სისხლიანი ნაწოლები გაუჩნდა, დაავადებულია კუჭის წყლულით, რაც კიდევ უფრო ართულებს სიტუაციას.
„დატოვე ეს ბავშვი საავადმყოფოში, რადგან მაინც ვერ იცოცხლებს“ – ასე მეუბნებოდნენ ნაცნობები მას შემდეგ, რაც მშობიარობიდან მესამე დღეს ლადოს ეპილეფსიური შეტევები დაეწყო, – იხსენებს ნინო ავალიანი, ჩვენი ბენეფიციარის დედა. მე არ შემეძლო ასეთი ნაბიჯის გადადგმა. ჩემი გული გასკდებოდა იმაზე ფიქრით, რომ შვილი სადღაც პალატაში სულს ღაფავს“.
23 წელია, რაც ნინო ავალიანი არ შორდება ლადოს, ხელით დაატარებს მას, გაჰყავს ეზოში, ბოთლიდან აჭმევს საწოვარას მეშვეობით. იგი მისთვის დედაც არის და მამაც, მომვლელიც და ექიმიც!
ამ ოჯახში საშინელი სიდუხჭირე სუფევს: ძველი ავეჯი მწყობრიდან არის გამოსული, სახლში გაზი არ არის შეყვანილი, არ აქვთ ელემენტარული საყოფაცხოვრებო ტექნიკა, ზამთარში მათ საცხოვრებელში ცივა, ხოლო ზაფხულში – საშინელი სიცხე ისადგურებს. რით არსებობს ეს ოჯახი და როგორ იგი უმკლავდება გასაჭირს? ამ და სხვა შეკითხვებით ჩვენ მივმართეთ ნინო ავალიანს:
-როგორია თქვენი ყოველთვიური შემოსავალი?
​ნინო ავალიანი: შვილის პენსია და მიზერული სოციალური შემწეობა – ეს არის ჩვენი შემოსავალი. ფული პამპერსებსა და მედიკამენტებზე მიდის, ხანდახან შეშის ან პურის საყიდელი თანხაც არ გვრჩება. პატარა ბოსტანი მაქვს და ეს არის ჩვენი ხსნა. ცოტა კარტოფილი მომყავს და ბოსტნეული, რომ თავი როგორმე ვირჩინოთ და შიმშილისგან სული არ გაგვძვრეს“.
-ვინმე გეხმარებათ?
​ნინო ავალიანი: დედაჩემი მეხმარება. იგი მეზობელ რაიონში ცხოვრობს და ხანდახან ჩამოაქვს ფქვილი და ღერღილი. ხნიერი ქალია და ხშირად არ შეუძლია ჩამოსვლა. ერთმა მეზობელმა ამასწინათ ეტლი მაჩუქა, მაგრამ ლადო ვერ ჯდება მასში, ჩემი ხელების მეტი არაფერი უნდა, ხოდა დამყავს ასე ხელით 23 წლის ბიჭი…
– ხელისუფლება თუ გეხმარებათ?
​ნინო ავალიანი: რამდენიმე წლის წინ, როგორც სოციალურად დაუცველ ოჯახს, ოთახი გაგვირემონტეს. შარშან 150 ლარი გამომიყვეს წამლების ფული. სხვა სახის დახმარება არ მიმიღია.
– მოგვიყევით თქვენი მეუღლის შესახებ…
​ნინო ავალიანი: როდესაც ოჯახი შევქმენით, ცუდად არ ვცხოვრობდით, მაგრამ ლადოს დაბადების შემდეგ ჩვენს ურთიერთობებში პირველი ბზარი გაჩნდა. ჩემს ქმარს არ უნდოდა შვილის მოვლა, მაგრამ ვითმენდი, არ მინდოდა სიტუაციის გამძაფრება. შემდეგ შეგვეძინა მეორე ბიჭი – ლევანი, ხოლო 4 წლის წინ – გოგონა ნია. მამა არ იღებდა შვილების აღზრდაში მონაწილეობას და საბოლოო ჯამში ჩვენ დავშორდით.
– შვილებმა როგორ აღიქვეს მამის სახლიდან წასვლა?
ნინო ავალიანი: მე მხოლოდ იმას ვიტყვი, რომ შუათანა ბიჭი ძალიან მეხმარება ლადოს მოვლაში. მტვირთავად მუშაობს. ბედნიერია, როდესაც რამე სამუშაო გამოჩნდება და ხელფასით ძმისთვის წამლებს და პამპერსებს შეიძენს. პატარა ნიაც მეხმარება ლადოს მოვლაში, ხან წყალს მოიტანს, ხან ძმის საწოლთან „მორიგეობს“…
– თქვენ ისე ხართ გაწვალებული ცხოვრებით, რომ ალბათ უკვე არც არაფერზე ოცნებობთ…
ნინო ავალიანი: მე ვოცნებობ, რომ ლადომ თუნდაც კიდევ ერთხელ დამიძახოს „დედა“. ეს იმის მანიშნებელი იქნება, რომ იგი გამოჯანმრთელების გზას დაადგა. 23 წლის განმავლობაში მან მხოლოდ ერთი სიტყვის თქმა მოახერხა და ეს იყო „დედა“.
მეგობრებო, ლადოს მდგომარეობა დღითიდღე უარესდება. ეპილეფსია, სქოლიოზი, კუჭის წყლული, ნაწოლები – ეს ყველაფერი სასტიკად ართულებს მის ჯანმრთელობას. მას ახლა ჩვენი დახმარება ესაჭიროება და თქვენ შეგიძლიათ შეიტანოთ თქვენი წვლილი მისთვის სიცოცხლის გახანგრძლივების საქმეში.
ლადო და მისი ოჯახი საჭიროებს მედიკამენტებს, ჰიგიენურ საშუალებებს, საყოფაცხოვრებო ტექნიკას, ავეჯს, ჭურჭელს…
მოინახულეთ ეს ოჯახი და აღმოუჩინეთ დახმარება პირადად! კარგი იქნება, თუ გააზიარებთ ამ მასალას, რათა უფრო ბევრმა ადამიანმა მიიღოს მონაწილეობა საქველმოქმედო აქციაში. ავალიანების ოჯახის მისამართია: ზუგდიდი, გრიბოედოვის ქუჩა 10, ტელ: 568 94 43 64.
თანხა შეგიძლიათ გადარიცხოთ ჩერნოვეცკის ფონდის ანგარიშზე GE15TB7194336080100003 ან GE64BG0000000470458000 (დანიშნულება: ვლადიმერ (ლადო) ავალიანი).

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები