ცენტრალური, საკანონმდებლო და ადგილობრივი მთავრობის წარმომადგენლები სოფელ რატევნის, ტანძიისა და დარბაზის მოსახლეობას შეხვდნენ

ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებული – შოთა რეხვიაშვილი, ბოლნისის მაჟორიტარი დეპუტატი – გოგი მეშველიანი, ბოლნისის მერი – დავით შერაზადიშვილი, პარლამენტის წევრები – გიორგი მოსიძე, ირაკლი კოვზანაძე, ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელი – მარიამ ქვრივიშვილი და გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის წარმომადგენლები სოფელ ტანძიას, რატევანსა და დარბაზს ესტუმრნენ.
როგორც “კვირას” ბოლნისის მუნიციპალიტეტიდან აცნობეს, ცენტრალური, ადგილობრივი და საკანონმდებლო ხელისუფლების წარმომადგენლებმა სოფლის მოსახლეობას სხვადასხვა პროექტის შესახებ ინფორმაცია მიაწოდეს და არსებულ საჭიროებებს ადგილზე გაეცნენ.
რატევნის მოსახლეობამ შეხვედრაზე სასმელი წყლის პრობლემის შესახებ ისაუბრა. სოფელ ტანძიის მოსახლეობამ უკვე გაყვანილი ბუნებრივი აირის მილების ექსპლუატაციაში შესვლა და სპორტული მოედნის მოწყობის საკითხი დააყენა, დარბაზში მცხოვრებლებმა კი წყლის რეზერვუარის მოწყობისა და შიდა გზების რეაბილიტაციაზე გაამახვილეს ყურადღება. ცენტრალური და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენელები მათ პრობლემების მოგვარებას დაჰპირდნენ.
აღსანიშნავია, რომ ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა მოსახლეობასთან შეხვედრის დროს ტანძიის, რატევნისა და დარბაზის ტურისტული პოტენციალის შესახებ ისაუბრა და ადგილობრივ მკვიდრებს ამ კუთხით სხვადასხვა აქტივობის განხორციელებაში დახმარება აღუთქვა.
“ცენტრალური მთავრობის წარმომადგენლებსა და პარლამენტის წევრებთან ერთად შევხვდით სოფლის მოსახლეობას, მათ პროექტებისა და პროგრამების შესახებ მივაწოდეთ ინფორმაცია. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ საკანონმდებლო და აღმასრულებელი ხელისუფლების წარმომადგენლებს მოსახლეობასთან ასე ახლო კონტაქტი აქვთ, რაც კიდევ უფრო გვაახლოებს ხალხთან და, თავის მხრივ, შესაძლებლობას გვაძლევს, მათი შეხედულებები მოვისმინოთ ამა თუ იმ საკითხზე. ჩვენ კვლავაც აქტიურად განვაგრძობთ ბოლნისის მუნიციპალიტეტის სოფლების მონახულებას”, – განაცხადა ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერმა, დავით შერაზადიშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები