„ტრანს/მისიები – აღმოსავლეთის ხელოვნების აღმავლობა“ – საერთაშორისო ფესტივალი დაფუძნდა
საერთაშორისო ფესტივალი „ტრანს/მისიები – აღმოსავლეთის ხელოვნების აღმავლობა“ დაფუძნდა, რომელიც ოთხი პარტნიორის საერთაშორისო კულტურულ თანამშრომლობას გულისხმობს.
ბათუმის ილია ჭავჭავაძის სახელობის პროფესიული სახელმწიფო დრამატული თეატრის ინფორმაციით, ფესტივალი ფართომასშტაბიანი პროექტია, რომელიც, უპირველესად, ფოკუსირდება დრამატულ ხელოვნებაზე, მაგრამ ასევე წარმოადგენს სხვა თეატრალურ ფორმებსაც. ეს სახელოვნებო პროგრამა ასევე მოიცავს კონცერტებს, ფილმების ჩვენებას, გამოფენებს, მსახიობებთან შეხვედრებს.
ფესტივალის დამაარსებლები არიან:
პოლონეთი: ვანდა შიმანოვსკას სახელობის თეატრი – ჟეშუვი;
საქართველო: ილია ჭავჭავაძის სახელობის პროფესიული სახელმწიფო დრამატული თეატრი – ბათუმი;
უკრაინა: ვ. ვასილკოს სახელობის აკადემიური უკრაინული მუსიკისა და დრამის თეატრი – ოდესა;
ლიეტუვა: ლიეტუვას „Na Pohulance“ თეატრი – ვილნიუსი.
როგორც ბათუმის ილია ჭავჭავაძის სახელობის პროფესიული სახელმწიფო დრამატული თეატრის ინფორმაციაშია აღნიშნული, ფესტივალის მთავარი მიზანია, იდეების, კულტურათა და გამოცდილების გაცვლა. მისი ხასიათი უმეტესად განისაზღვრება ინოვაციური თვალსაზრისით და თანამედროვე სამყაროს გამოწვევებისადმი ღიაობით.
„თანაბრად მნიშვნელოვანია როგორც თეატრალურ მაყურებლამდე, ისევე კულტურული ცხოვრების ყველა მონაწილისადმი მისვლა.
ღონისძიებამ თავი უნდა მოუყაროს არა მხოლოდ ხელოვნების სხვადასხვა სფეროს, არამედ განსხვავებული საჭიროებისა და ინტერესების მქონე ადამიანებს.
სახელოვნებო განზომილებასთან ერთად, ფესტივალი დიდი იდეოლოგიური მნიშვნელობის მატარებელია. იგი აკავშირებს საქართველოსა და უკრაინას კულტურულ ოთხკუთხედთან და ევროპული თანამეგობრობის ორ წევრს (პოლონეთი, ლიეტუვა). ყველა პარტნიორისთვის გადამწყვეტი მნიშვნელობისაა გეოგრაფიული და კულტურული საზღვრები. ფესტივალის ინოვაციური ბუნება შესაძლოა, გახდეს შემდგომი ახალი აქტივობების ინსპირაციის წყარო კულტურულ და სოციალურ სფეროში“, – აღნიშნულია ინფორმაციაში.
ბათუმის ილია ჭავჭავაძის სახელობის პროფესიული სახელმწიფო დრამატული თეატრის პირველი გასტროლი საერთაშორისო ფესტივალზე 22 აგვისტოს ჟეშუვის ვანდა შიმანოვსკას სახელობის თეატრში გაიმართება. ბათუმის თეატრი სპექტაკლს „სინდრომი ანუ ვის უგალობ ვისაო?!“- წარადგენს.