ტრამპი ადასტურებს, რომ ვაშინგტონი გრენლანდიის ყიდვით არის დაინტერესებული
აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის განცხადებით, მისი ადმინისტრაცია გრენლანდიის ყიდვის საკითხს განიხილავს.
მანამდე, თეთრ სახლში წყაროზე დაყრდნობით, ტრამპის დაინტერესების შესახებ ინფორმაცია CNN-მა და WSJ-მა გაავრცელეს.
ტრამპმა აღნიშნა, რომ დანია გრენლანდიის გაკონტროლებით ფულს კარგავს.
„რეალურად, ეს უძრავ ქონებასთან დაკავშირებული დიდი გარიგებაა. ბევრი რამის გაკეთება შეიძლება. ეს დანიას აზარალებს, რადგან ის წელიწადში 700 მლნ დოლარს კარგავს“, – განაცხადა აშშ-ის პრეზიდენტმა.
მისი თქმით, იმ ფონზე, როდესაც დანია ზარალს განიცდის, შეერთებული შტატებისთვის ეს კარგი იქნებოდა.
“ჩვენ დანიის დიდი მოკავშირე ვართ, ვეხმარებით, ვიცავთ დანიას. ვფიქრობ იქ ჩასვლაზე. არ ვამბობ, რომ აუცილებლად ჩავალ, მაგრამ შესაძლებელია. პოლონეთში მივემგზავრებით და შესაძლებელია, იქედან დანიაში ჩავიდეთ – ამ მიზნით არა, მაგრამ ამას განვიხილავთ. თუმცა ეს ნომერ პირველი საკითხი არ არის“, – დასძინა ტრამპმა.
რამდენიმე დღის წინ, მედიაში გავრცელებულ ინფორმაციაზე კომენტარი გრენლანდიაში გაკეთდა, სადაც აღნიშნეს, რომ გრენლანდიაში ბიზნესის წარმოება იქნება კარგი, მაგრამ ის არ იყიდება.
საკითხს დანიაშიც მოჰყვა გამოხმაურება. სხვადასხვა რანგის პოლიტიკოსებმა დააფიქსირეს აზრი, რომ ჯობს, ტრამპმა იდეა დაივიწყოს.