საფრანგეთში დღეს პუტინისა და მაკრონის შეხვედრა გაიმართება

საფრანგეთის პრეზიდენტების საზაფხულო რეზიდენციაში, ფორტ ბრეგანსონში დღეს ერთმანეთს რუსეთის პრეზიდენტი  –    ვლადიმირ პუტინი და საფრანგეთის პრეზიდენტი – ემანუელ მაკრონი შეხვდებიან.
ორი ქვეყნის ლიდერები სამუშაო ვახშამს გამართავენ, ამის შემდეგ მედიისთვის განცხადებებს გააკეთებენ.
შეხვედრაზე განსახილველ თემებს შორის არის ირანის ბირთვული პროგრამა, უკრაინის აღმოსავლეთ რეგიონსა და სირიაში შექმნილი ვითარება.
როგორც Euronews-ი აღნიშნავს, მაკრონის გარემოცვაში არ გამორიცხავენ, რომ საფრანგეთის პრეზიდენტი მოსკოვში მიმდინარე აქციების დროს ხელისუფლების უხეში ქმედებები გააკრიტიკოს. თუმცა, ამგვარ განცხადებებზე მოსკოვში უკვე აღნიშნეს, რომ საფრანგეთის ხელისუფლებისგან „ჭკუის სწავლებას“ არ მიიღებენ, რადგან თავად საფრანგეთში „ყვითელი ჟილეტების“ წინააღმდეგ იყო უხეში ქმედებები.
აღსანიშნავია, რომ მაკრონისა და პუტინის შეხვედრა „დიდი შვიდეულის“ სამიტამდე ერთი კვირით ადრე გაიმართება. სამიტში პუტინი მონაწილეობას ვერ მიიღებს, თუმცა პარიზში დარწმუნებულები არიან, რომ „რუსეთს საერთაშორისო კონფლიქტების დარეგულირებაში მნიშვნელოვანი როლის შესრულება შეუძლია“.
„დიდი შვიდეულის“ სამიტში მონაწილეობენ ბრიტანეთი, გერმანია, იტალია, კანადა, აშშ, საფრანგეთი და იაპონია.
G7 2014 წლამდე G8-ის ფორმატში იმართებოდა, რომელშიც, ასევე, რუსეთი მონაწილეობდა, თუმცა ყირიმის ნახევარკუნძულის ანექსიის შემდეგ მოსკოვი სამიტში ვერ მონაწილეობს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები