ჰონგ-კონგში საპროტესტო აქციები არ წყდება – პოლიციამ დემონსტრანტების წინააღმდეგ ძალა კიდევ ერთხელ გამოიყენა (ვიდეო)

ჰონგ-კონგში საპროტესტო აქციები, რომლის მონაწილეებიც მთავრობის გადადგომას ითხოვენ, უკვე რამდენიმე კვირაა არ წყდება. ერთ-ერთი ბოლო ინციდენტი შამ-შუი პოს რაიონში მოხდა, სადაც მომიტინგეები სატირულ წარმოდგენას მართავდნენ. ამ ფორმით, მომიტინგეები პოლიციის მხრიდან ძალის გამოყენებას აპროტესტებდნენ. აქციის დროს, ასობით დემონსტრანტმა ლაზერის სხივი პოლიციის განყოფილების შენობისკენ მიმართა. საპასუხოდ კი სამართალდამცაველებმა ცრემლსადენი აირი რამდენჯერმე გამოიყენეს – არიან დაშავებულებიც.

მედიასაშუალებებით გავრცელებულ ვიდეომასალებში ჩანს პროტესტის დროს აქციის მონაწილეების მხრიდან პოლიციელზე თავდასხმისა და ხელკეტის წართმევის მცდელობა. პოლიციელმა მათ საპასუხოდ იარაღიდან ესროლა და თავდამსხმელთა ჯგუფი გაფანტა. ასევე, ინციდენტი მოჰყვა ფაქტს, როდესაც პოლიციელი ერთ-ერთ დემონსტრანტს საჯარო თავშეყრის ადგილას აკავებდა, ის გაქცევას ცდილობდა, პოლიციელმა კი ხელკეტის დახმარებით, დემონსტრანტი ძირს დააგდო და დააკავა. შედეგად, აქციის სხვა მონაწილეები პოლიციელს თავს ერთდროულად დაესხნენ.

ჰონკონგის პოლიციის ოფიციალური პირების მიერ არაერთხელ გაკეთდა განცხადება, რომ თუ ქალაქში დემონსტრანტები ძალადობრივად არ მოიქცეოდნენ და პოლიციას თავს არ დაესხმებოდნენ, ძალოვანი უწყება ძალას არ გამოიყენებდა, ხოლო ნებისმიერ ძალადობრივ ქმედებას პოლიციისგან საპასუხო რეაქცია მოჰყვებოდა.

შეგახსნებთ, რომ ჰონგ-კონგში საპროტესტო აქციები მარტში მას შემდეგ დაიწყო, რაც ოფიციალურმა პეკინმა ჰონგ-კონგიდან ჩინეთის დანარჩენ ტერიტორიაზე პატიმართა ექსტრადირების შესახებ კანონი მიიღო.

ჰონგ-კონგის სპეციალური ადმინისტრაციული რეგიონი 1997 წლამდე დიდი ბრიტანეთის კოლონიას წარმოადგენდა, რომელიც ჩინეთს იმ პირობით გადაეცა, რომ პეკინი მის შიდა საქმეებში არ ჩაერეოდა.

ვიდეოში აღბეჭდილია პოლიციისა და დემონსტრანტების დაპირისპირების კადრები.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები