ნათია თურნავა: რუსეთის ავიაემბარგოსა და ტურისტული ნაკადების შემცირებასთან დაკავშირებულ გამოწვევას გავანეიტრალებთ

“Fitch- მა დაასახელა ძირითადი გამოწვევები, რის წინაშეც დგას საქართველოს ეკონომიკა და მათგან გამოვყოფდი რუსეთის ავიაემბარგოს და ტურისტული ნაკადების შემცირებასთან დაკავშირებულ გამოწვევას, რაც კვლავაც რჩება არასტაბილურობის ფაქტორად, თუმცა ჩვენ ყველაფერს ვაკეთებთ იმისთვის, რომ ეს ფაქტორი იყოს განეიტრალებული”, – ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, ნათია თურნავამ განაცხადა.

“Fitch-მა, ამ ფაქტორის გამო, საქართველოს ეკონომიკური ზრდის პროგნოზი 0,3 პროცენტული პუნქტით შეამცირა, მაგრამ საქართველოს მთავრობა ყველაფერს გააკეთებს იმისთვის, რომ 2019 წელი ჩვენ მაღალი მაჩვენებლით დავასრულოთ”, – აღნიშნა მინისტრმა.

შეგახსენებთ, რომ სარეიტინგო კომპანია Fitch-მა საქართველოს გაუმჯობესებული საკრედიტო რეიტინგი ძალაში დატოვა. 2019 წლის დასაწყისში, საქართველოს სუვერენული რეიტინგი „BB-“-დან „BB”-მდე გაუმჯობესდა, ხოლო პერსპექტივა სტაბილურად შეფასდა. მორიგი მონიტორინგის შემდეგ, Fitch-მა რეიტინგი ძალაში დატოვა.

სარეიტინგო კომპანიის მიერ დღეს გამოქვეყნებული რელიზის თანახმად, რეიტინგის უცვლელად შენარჩუნება საქართველოში მმართველობის მაღალმა ხარისხმა, მიმზიდველმა საინვესტიციო და ბიზნესგარემომ და რეგიონული შოკებისადმი მდგრადობის შენარჩუნებამ განაპირობა.

სარეიტინგო კომპანია იმ გამოწვევებსაც ასახელებს, რომლებიც დღეს ქვეყანას აქვს, ესენია: რუსეთის სანქციები ავიამიმოსვლაზე საქართველოსა და რუსეთს შორის შეზღუდავს ტურიზმიდან მიღებული შემოსავლების ზრდა.

რუსეთის სანქციებისა და სამომხმარებლო საკრედიტო აქტივობის შენელების ფონზე, სარეიტინგო კომპანიამ მცირედით შეამცირა 2019 წლის ეკონომიკური ზრდის პროგნოზი 4.3%-მდე (წინა პროგნოზი – 4.6%), თუმცა აღნიშნული აღემატება BB კატეგორიის ქვეყნების მედიანურ მაჩვენებელს (3.3%-ს). კაპიტალური ხარჯების ზრდა ხელს შეუწყობს 2020-2021 წლებში ეკონომიკური ზრდის დაჩქარებას 4.7%-მდე.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები