ადვოკატი, დეკანოზ გიორგი მამალაძის შეწყალების თხოვნით, პრეზიდენტსა და საპატრიარქოს მიმართავს
გიორგი მამალაძის ადვოკატი, გიორგი ფანცულაია, დეკანოზის ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების გამო, ქვეყნის პრეზიდენტს მისი შეწყალების თხოვნით მიმართავს.
როგორც ადვოკატი ამბობს, დეკანოზის ჯანმრთელობის მდგომარეობა უკიდურესად მძიმეა და სრულყოფილად გამოჯანმრთელების პროცესის წარმართვა საპატიმროში შეუძლებელია.
„პირველი შემთხვევაა, როდესაც სალომე ზურაბიშვილს მივმართავთ შეწყალების შუამდგომლობით, მანამდე მივმართეთ გიორგი მარგველაშვილს, რომელმაც უარი გვითხრა შეწყალებაზე. შეწყალების განახლების მოთხოვნის აუცილებლობა გამოიწვია იმან, რომ დეკანოზის ჯანმრთელობის მდგომარეობა კვლავ უკიდურესად მძიმეა. ექვს თვეზე მეტია, რაც მარჯვენა კიდურები გაჩერებული აქვს, ხელსა და ფეხს ვერ ამოძრავებს. მას დამოუკიდებლად ეტლითაც კი არ შეუძლია გადაადგილება. აქედან გამომდინარე, სამედიცინო პერსონალისა და პროფესიონალების კონსულტაციის შემდგომ რჩევა და მითითება იყო, რომ შეუძლებელია მისი სრულყოფილი გამოჯანმრთელება პატიმრობაში ყოფნის პირობებში, რადგან მრავალმხრივი მკურნალობა სჭირდება. პატიმრობაში ყოფნის შემთხვევაში, ელემენტარული პირობებიც კი არ არის, რომ მას ხელი და ფეხი აუმუშავდეს”, – აღნიშნავს მამალაძის ადვოკატი.
გიორგი მამალაძის ადვოკატი შეწყალების თხოვნით, პრეზიდენტის გარდა, საპატრიარქოსაც მიმართავს.
“ჩვენ მივმართავთ საქართველოს პრეზიდენტს, რათა შეიწყალოს გიორგი მამალაძე, ასევე, მივმართავთ საქართველოს საპატრიარქოსა და მის წინამძღოლს, უწმინდესსა და უნეტარეს ილია მეორეს, რათა იშუამდგომლოს საქართველოს პრეზიდენტის წინაშე, რომ გიორგი მამალაძის შეწყალება მოხდეს. ჩვენ შევიტანეთ შეწყალების შუამდგომლობა პრეზიდენტის სახელზე და აქედან პირდაპირ მივდივართ საპატრიარქოში, რათა ასევე შევიტანოთ შეწყალების შუამდგომლობა საქართველოს საპატრიარქოში“, – განაცხადა ადვოკატმა.