16 აგვისტო 9 ძმა ხერხეულიძისა და მარაბდის ბრძოლაში დაღუპულ გმირთა ხსენების დღეა

16 აგვისტო 9 ძმა ხერხეულიძისა და მარაბდის ბრძოლაში დაღუპულ გმირთა ხსენების დღეა.
ცხრა ძმა ხერხეულიძე მარაბდის ბრძოლაში 1625 წლის 1-ელ ივლისს დაიღუპა.  დაკრძალულნი არიან იქვე, ძველი მარაბდის განაპირას, წმ. მარინეს ეკლესიის მახლობლად.
მცირერიცხოვან ქართველთა სიმამაცემ ყიზილბაშები უკუაქცია, მაგრამ გამოცდილმა მთავარსარდალმა ისა-ხან ყორჩიბაშმა არ დათმო ბრძოლა. ამასობაში აზერბაიჯანის ბეგლარბეგი შაჰ-ბენდე-ხანიც მივიდა მაშველი რაზმით… ამას დაემატა საბედისწერო შემთხვევაც: მტრის ხელით მკერდშელეწილი დაეცა შიდა ქართლის სადროშოს სარდალი თეიმურაზ მუხრანბატონი –  ვახტანგ V-ის მამა, გიორგი სააკაძის სიძე და მისი მომხრე. ტაშისკარისა და მარაბდის ბრძოლების მონაწილე.
შედრკნენ ქართველნი… აირია ბრძოლის ველი.  შეთხელდა ივერიელთა რიგები. გულგანგმირულნი დაეცნენ: დავით ჯანდიერი, აღათანგ ხერხეულიძე, ბაადურ ციციშვილი, ეპისკოპოსნი — რუსთველი და ხარჭაშნელი.
ცხრა ძმა ხერხეულიძის ხელში გადაინაცვლა ქართულმა დროშამ, ცხრა ძმა გმირულად დაეცა მარაბდის ველზე, შემდეგ ნაბოლარამ – ერთადერთმა დამ იპყრა ხელთ დიდგორსა და ბასიანში გამოვლილი დროშა და როდესაც იმანაც ჩაიმუხლა, დედამ აღმართა ქართველთა უკვდავების სიმბოლო.
გარიჟრაჟზე დაწყებული ბრძოლა გვიან ღამით ქართველთა მარცხით დამთავრდა.
ბრძოლის ველზე მკერდგანგმირული იწვა ქრისტეს და მამულისთვის თავდადებული ცხრა ათასი ქართველი, მათ შორის: დავით ჯანდიერი, აღათანგ ხერხეულიძე, თეიმურაზ მუხრანბატონი, ბაადურ ციციშვილი, ეპისკოპოსები — რუსთველი და ხარჭაშნლი, ცხრა ძმა ხერხეულიძე, დედა მათი და ერთადერთი და, ცხრა მაჩაბელი, შვიდი ჩოლოყაშვილი… საქართველოს ეკლესიამ წმიდანებად შერაცხა რჯულისა და მამულისათვის თავდადებული მამულიშვილები.
„ცხრა ძმა ხერხეულიძე დედითა და დით და მათ თანა ცხრაათასი ქართველნი, მარაბდას ბრძოლის ველზე მომწყდარნი“ (ჩვ.წ აღ-ით 1625).

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები