სოსო არჩვაძე: პირდაპირი უცხოური ინვესტიციების თითქმის 3/5 რეალურ სექტორზე მოდის, რაც ამ ინვესტორების რწმენაზე, პოზიტიურ მოლოდინებზე, საქართველოს ეკონომიკის მდგრად განვითარებაზე მიანიშნებს

ექსპერტი ეკონომიკის საკითხებში სოსო არჩვაძე „საქსტატის“ მონაცემებს აფასებს 2018 წელს პირდაპირი უცხოური ინვესტიციების შემცირების შესახებ.
„პირდაპირმა უცხოურმა ინვესტიციებმა საქართველოს ეკონომიკაში 2018 წელს 1265.2 მილიონი აშშ დოლარი შეადგინა, რაც ამ წელს საქართველოში წარმოებული მთლიანი შიგა პროდუქტის დაახლოებით 7.8 პროცენტია. ამ სახის ინვესტიციების მოცულობა წინა, 2017 წელთან შედარებით მნიშვნელოვნად – 35.5 პროცენტითაა შემცირებული, რაც ძირითადად განპირობებულია ისეთი გარემოებებით, როგორებიცაა:
1. მაგისტრალური გაზსადენის პროექტის დასრულება;
2. უცხოური კომპანიების ქართულ კომპანიებად დარეგისტრირება, რაც მართალია, ნომინალურად ამცირებს პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოცულობას, თუმცა აყალიბებს და ზრდის მათ ფისკალურ ვალდებულებას საქართველოს ბიუჯეტის მიმართ, რაც ცალსახად პოზიტიურად უნდა შეფასდეს.
3. ქართული ბიზნესი, აქტივებისა და პოტენციალის ზრდის კვალობაზე სულ უფრო ინტენსიურად ახორციელებს უცხოური კომპანიებისთვის არსებული დავალიანების გასტუმრებას.
– ვალდებულებების შემცირება/სასესხო დავალიანების დაფარვა არარეზიდენტი ინვესტორების მიმართ და რამდენიმე საწარმოს ფლობაში არარეზიდენტების წილის შემცირება კი, მართალია, ასევე ნომინალურად ამცირებს უცხოური ინვესტიციების მოცულობას, მაგრამ იმავე მასშტაბით ზრდის სამამულო ბიზნესის, სამეწარმეო სექტორის ეკონომიკურ პოტენციალს. ამიტომ პირდაპირი უცხოური ინვესტიციების დინამიკა სტატისტიკურად ილუზიური ნეგატიური დატვირთვის მატარებელი უფროა, რაც ინფორმაციის გაუთვითცნობიერებელ მომხმარებელს აშკარად აბნევს და არასწორი დასკვნების გაკეთებისაკენ უბიძგებს. რეალურად, სტატისტიკური მონაცემების არა ზედაპირული, არამედ სიღრმისეული ანალიზი კი გვიჩვენებს, რომ „ისე ნამდვილად არ წვიმს, როგორც ქუხს“.
კერძოდ, მიუხედავად შემცირებისა, პირდაპირი უცხოური ინვესტიციების თითქმის 3/5 რეალურ სექტორზე (მრეწველობა, მშენებლობა, სტარანსპორტო ინფრასტრუქტურა….) მოდის, რაც ამ სფეროებში კვლავწარმოების შედარებით ხანგრძლივი პერიოდის გათვალისწინებით მიანიშნებს ინვესტორების რწმენაზე, პოზიტიურ მოლოდინებზე, საქართველოს ეკონომიკის მდგრადი განვითარების შესახებ.
უცხოური ინვესტიციების ნახევარზე მეტი მოდის სამ ქვეყანაზე (აზერბაიჯანი, ნიდერლანდები და გაერთიანებული სამეფო). ამ ქვეყნებიდან ინვესტიციების წილი 5-ჯერ და მეტად აღემატება ამავე ქვეყნების წილს იმპორტის მთლიან მოცულობაში (9.9%), რაც ამ ქვეყნებთან მყარ, გრძელვადიან და სტაბილურ სავაჭრო-ეკონომიკურ ურთიერთობებს უსვამს ხაზს.
რეინვესტირების წილის ზრდა (3.2 პუნქტით) ცალსახად აფიქსირებს ინვესტორების გრძელვადიან ეკონომიკურ დაინტერესებას საქართველოს ეკონომიკით, რომელიც მნიშვნელოვნად სცილდება კვლავწარმოების ერთი ციკლის პერიოდულობას.
2012 წლის შემდეგდროინდელ, „ქართული ოცნების“ მმართველობის ექვსწლიან პერიოდში (2013-2018 წწ.) საქართველოში შემოვიდა 1.2 პროცენტით უფრო მეტი უცხოური ინვესტიცია, ვიდრე წინა, „ნაციონალური მოძრაობის“ მმართველობის 9-წლიან პერიოდში. ამასთანავე, პირდაპირი უცხოური ინვესტიციების საშუალო წლიური მოცულობა 2013-2018 წლებში წინა 9-წლიანი პერიოდის (2004-2012 წწ.) შესაბამის მაჩვენებელს 1.5-ჯერ და მეტად აღემატებოდა (51.9%-ით). ამჟამინდელი ხელისუფლების მმართველობაზე მოდის საქართველოში განხორციელებული პირდაპირი უცხოური ინვესტიციების რეკორდული მოცულობა (2017 წ. – 1962.5 მლნ. აშშ დოლარი), რომელიც წინა ხელისუფლების მმართველობისას მიღწეულ მაქსიმალურ მაჩვენებელს (2007 წ., 1764.7 მლნ. აშშ დოლარი) 11.2 პროცენტით აღემატება.
ამასთანავე, პირდაპირი უცხოური ინვესტიციების კლებამ ზემოხსენებული გარემოებების გამო, 2018 წელს საერთო 4.7%-იანი ეკონომიკური ზრდის ფონზე დააფიქსირა ქვეყნის მაკროეკონომიკური მაჩვენებლების გაუმჯობესებაში გარე ფაქტორებზე დამოკიდებულების შემცირებისა და შიდა, ენდოგენური ფაქტორებზე დამოკიდებულების ზრდის ტენდენცია. – 2018 წელს, ჩვენი შეფასებით, ეკონომიკური ზრდის უზრუნველმყოფი კაპიტალის მხოლოდ 22.2 პროცენტი იყო უცხოური წარმომავლობის, მაშინ როდესაც 2017 წელს აღნიშნული მაჩვენებელი 40 პროცენტს აღემატებოდა. მთლიანობაში, 2013-2018 წლებში ინვესტიციების საშუალო წლიურმა მოცულობამ ქვეყნის მთლიან შიგა პროდუქტთან მიმართებაში 10.0 პროცენტი შეადგინა“. – აცხადებს სოსო არჩვაძე.
შეგახსენებთ, საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ინფორმაციით, 2018 წელს 35.5%-ით შემცირდა პირდაპირი უცხოური ინვესტიციები.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები