„ქართული ოცნების“ წევრი ლევან მაჭავარიანი, „დაზვერვის სამსახურის შესახებ“ კანონში შესატან ცვლილებებს გამოეხმაურა.
„მოგეხსენებათ, რომ ძალიან ბევრ მიმართულებაში აქვთ კვეთა დაზვერვის სამსახურს და სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურს. აქედან გამომდინარე, უფრო ეფექტური იქნება, რომ ეს ყველაფერი ერთი უწყების ქვეშ ერთიანდებოდეს და ერთი უწყება აცენტრალიზებდეს ამ საქმიანობას თავიდან ბოლომდე. ეს რა თქმა უნდა, ძალიან ლოგიკური ნაბიჯია“, – განაცხადა ლევან მაჭავარიანმა.
ცნობისთვის, პარლამენტში თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის სხდომა გაიმართება, სადაც დეპუტატები „დაზვერვის სამსახურის შესახებ“ კანონში შესატან ცვლილებებზე მეორე მოსმენით იმსჯელებენ.
საკანონმდებლო ცვლილებების პროექტით, დაზვერვის სამსახური, პრემიერ-მინისტრის დაქვემდებარებიდან სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მმართველობის სფეროში გადადის. ცვლილებების მიხედვით, დაზვერვის სამსახური სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის საქვეუწყებო დაწესებულებად – ეროვნულ სადაზვერვო სააგენტოდ ჩამოყალიბდება.