რატომ მივიდა ნიკა გვარამია პროკურატურაში

ტელეკომპანია “რუსთავი 2“-ის ყოფილი გენერალური დირექტორი ნიკა გვარამია გენერალურ პროკურატურაში დღეს წერილობითი ვალდებულებით განსაზღვრული პირობის შეუსრულებლობის შესაძლო შედეგების შესახებ გააფრთხილეს.
როგორც გენერალურ პროკურატურაში აცხადებენ, ნიკა გვარამია საქართველოს გენერალურ პროკურატურაში მისი ბრალდების სისხლის სამართლის საქმის ფარგლებში საპროცესო მოქმედებაში მონაწილეობის მიღების მიზნით მივიდა. „დღევანდელი საპროცესო მოქმედების ფარგლებში ბრალდებული გაფრთხილებულ იქნა წერილობითი ვალდებულებით განსაზღვრული პირობის შეუსრულებლობის იმ შესაძლო შედეგების შესახებ, რასაც სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი ითვალისწინებს“, – აცხადებენ პროკურატურაში. შეგახსენებთ, რომ ნიკა გვარამიას თბილისის საქალაქო სასამართლომ აღკვეთის ღონისძიების სახით 40 ათასლარიანი გირაო შეუფარდა, მას საქართველოს საზღვრის დატოვებაც შეეზღუდა. ნიკა გვარამიამ განაცხადა, რომ გირაოს სახით შეფარდებული არანაირი თანხის გადახდას არ აპირებს. პროკურატურა ნიკა გვარამიას საქართველოს სსკ-ის 220-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენას ედავება, რაც გულისხმობს საწარმოში ხელმძღვანელობითი და წარმომადგენლობითი უფლებამოსილების გამოყენებას ამ ორგანიზაციის კანონიერი ინტერესის საწინააღმდეგოდ, სხვისთვის გამორჩენის მიღების მიზნით, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები