თსუ-ის ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის პროფესორ-მასწავლებლები, დეკანის გადადგომის მოთხოვნით, საპროტესტო აქციებს აანონსებენ

თსუ-ის ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტზე კვლავ გრძელდება დეკანისა და მისი მფარველების მხრიდან ფაკულტეტის საკუთარ ინტერესებზე მორგების მცდელობა.
ამის თაობაზე „პირველთან“ საუბარში თსუ ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის მენეჯმენტისა და ადმინისტრირების კათედრის ასოცირებულმა პროფესორმა, ეკა ჩოხელმა განაცხადა.

მისი თქმით, ხვალ, 15 აგვისტოს 12.00 საათზე დაგეგმილია ფაკულტეტის საბჭოს სხდომის ჩატარება, სადაც უნდა განიხილონ და დაამტკიცონ მენეჯმენტისა და ადმინისტრირების კათედრის მექანიკურად გახლეჩვის ხარჯზე, დეკანის – გიორგი ღაღანიძისთვის ახალი კათედრის შექმნა, რაზე მსჯელობაც უკვე 4-5 თვეა მიმდინარეობს. „ფაქტია, მისთვის აუცილებელია ერქვას კათედრის ხელმძღვანელი და რადაც არ უნდა დაუჯდეს, უნდა მიაღწიოს სასურველ შედეგს, მიუხედავად იმისა, რომ ეს პროცესები ახალაკრედიტირებულ პროგრამას აყენებს საფრთხის ქვეშ“, – ამბობს ჩოხელი.

ჩოხელი აცხადებს, რომ ამით ღაღანიძის „ფეოდალური“ მმართველობა ფაკულტეტზე კიდევ უფრო გამყარდება, რაც შესაბამისად და პირდაპირპროპორციულად ნიშნავს სტუდენტების – ბაკალავრების, მაგისტრებისა თუ დოქტორანტების ინტერესების კიდევ უფრო დაკნინებას, რამდენადაც ფაქტია, რომ დღემდე, რაც უფრო ძლიერდება ცნობილი „კლანი“, მით უფრო მცირდება ფაკულტეტზე სწავლების ხარისხი და უარესდება კოლეგიალური ატმოსფერო.
ეკა ჩოხელმა აღნიშნა, დაგეგმილი ახალი კათედრის შექმნისთვის არ არსებობს პროექტიც კი. თუმცა, მთავარია საბჭოს სხდომაზე დაფიქსირდეს ახალი კათედრის შექმნა, დანარჩენს ღაღანიძე და მისი მფარველები შემდეგ „მიხედავენ“.
მენეჯმენტისა და ადმინისტრირების კათედრის ასისტენტ-პროფესორმა ეკატერინე გულუა აღნიშნავს, რომ დაახლოებით ერთი თვის წინ, პროფესორ-მასწავლებელთა ნაწილის მიერ გამართულმა საპროტესტო აქციამ გარკვეული შედეგი გამოიღო, თუმცა, როგორც აღმოჩნდა, დროებითი. „ჩვენ ღიად დავუპირსპირდით ფაკულტეტზე არსებულ კლანურობას და განუკითხაობას და კატეგორიულად და პრინციპულად ვაყენებთ საკითხს, – პროტესტს არ შევაჩერებთ, სანამ არ მივაღწევთ სამართალს – არ შეიძლება მექანიკურად კათედრის გაყოფა, არავის აქვს მორალური უფლება, პროფესორს ჩამოართვას სასწავლო კურსები და შეუცვალოს არსებული სასწავლო-კვლევითი მიმართულება. ეს არ არის მხოლოდ ერთი პრობლემა. ამ საკითხთან კავშირშია ისიც, რომ გვაქვს სასამართლო დავა, რომელიც მიმდინარეობს 2018 წელს ჩაატარებული უსამართლო კონკურსების გამო, სადაც შესარჩევი კომისია ჩამოაყალიბა კონკურსანტმა დეკანმა. ამ კომისიის თავმჯდომარე ეკონომიკის ამჟამინდელი მინისტრი ნათელა თურნავა იყო. ჩვენ ვაცნობიერებთ რა ძალასთან გვიწევს ბრძოლა, ცხადია, არ გავცდებით კანონით დადგენილ საზღვრებს, მაგრამ მსგავსი ქმედებების შედეგად სიტუაცია გამწვავდება და გაგრძელდება, როგორც თსუ-ის ადმინისტრაციასთან, ისე განათლების სამინისტროსთან. ფაკულტეტზე არსებული მდგომარეობა და რექტორის მართვის სტილი ჩვენ სხვა გზას არ გვიტოვებს“, – ამბობს გულუა.
ასოცირებული პროფესორის მანანა ხარხელის განცხადებით, უნივერსიტეტის ადმინისტრაცია ყალბი მანევრებით, როგორიცაა მედიაციის პროცესის იმიტირება და სხვა, ცდილობდა დეკანის ოპონენტებისთვის თავბრუს დახვევას და ამასობაში მათთვის სასურველი შედეგის დაყენებას. “როგორ წარმოგიდგენიათ – ცხვრის ფარაში მედიატორობა მგელმა რომ დაიწყოს… ასე იყო თსუ-ის ადმინისტრაციის საქმე. შექმნეს რაღაც პროცესის იმიტაცია, რეალურ მსჯელობას და სამართლიან გადაწყვეტილებებს გვერდი აუარეს და ხვალ უკვე მათთვის სასურველი გადაწყვეტილების „გაფორმებას“ შეეცდებიან, – აღნიშნა ხარხელმა.
მოწვეული პროფესორი დავით ნიჟარაძე ამბობს, რომ ის რაც ფაკულტეტზე ხდება კლანურობის პირდაპირი გამოვლინებაა. „სახეზე გვაქვს კლანის ინტერესების გატარების უტიფარი მცდელობა. ავთანდილ სილაგაძე, ლადო პაპავა და გიორგი ღაღანიძე ყველაფერს აკეთებენ საიმისოდ, რომ ფაკულტეტზე მათი ნების გარეშე ბუზიც არ გაჭაჭანდეს. რაც ახლა ხდება – ანუ ღაღანიძისთვის ჰაერიდან მოგონილი პერსონალური კათედრის შექმნა, სხვა არაფერია თუ არა სილაგაძისა და პაპავას მხრიდან მადლობის გადახდა, ერთგვარი ვალის დაბრუნება ღაღანიძისთვის, რამდენადაც სწორედ ღაღანიძის ძალისხმევით მოხდა, რომ მან საპენსიო ასაკამდე ერთი კვირით ადრე „გაუფორმა“ სილაგაძეს და მასთან ერთად ლადო პაპავას (რომელიც თავის დროზე, რექტორობისას, მსგავსი წოდებების – მუდმივი პროფესორი – შემოღებისა და დაწესების წინააღმდეგი იყო) უვადო პროფესორობა.
ადრეც მითქვამს და კიდევ გავიმეორებ, რომ სილაგაძე და ღაღანიძე კლანის ორი თავია, რომლებიც ყოველდღიურად ცდილობენ დაშინებითა და ინტრიგებით თანამშრომლებში საკუთარი აზრის გამოხატვის, რაიმე განსხვავებული ინიციატივით გამოსვლის ჩახშობას. მათ მიდგომებს იზიარებს და ამას თავისი სიჩუმით მხარს უჭერს ლადო პაპავაც. რექტორის დუმილი და ურეაქციობა კი მათთვის უკვე წამახალისებელ ფაქტორად იქცა. აი ახლაც, როცა საკითხის სიმწვავე პიკზეა და ეს კარგად იცის რექტორმა შერვაშიძემ, ის უბრალოდ შვებულებაში გავიდა, ანუ თავისი ფიქრით, ხელი დაიბანა პროცესის შემდგომ განვითარებაზე, მაგრამ მინდა დავარწმუნო, რომ რეალური პასუხისმგებლობა მასზეა და ადრე თუ გვიან, მას მაინც მოუწევს ამ პასუხსმგებლობისთვის თვალის გასწორება. საბოლოოდ, რექტორის ინიცირებული ფარისევლური მედიაციით და რეალურად კი მისი მხრიდან კლანის აქტიური მახრადჭერით, მივიღეთ მისივე ხელდასმული დეკანის მიერ კათედრის მიტაცება-უზურპაციის სპეცოპერაცია’’, – აცხადებს ნიჟარაძე.
ჩოხელის, გულუას, ხარხელის და ნიჟარაძის განცხადებით, ისინი თავიანთ თანამოაზრეებთან ერთად, მოითხოვენ შემდეგს:
• 15 აგვისტოს დაგეგმილ ფაკულტეტის საბჭოზე არ იქნას განხილული ახალი კათედრის შექმნა მენეჯმენტისა და ადმინისტრირების კათედრის ინტერესების შელახვის ხარჯზე
• თუ ფაკულტეტის დეკანს და მის მხარდამჭერ პროფესორებს რეალურად სურთ პროცესის ცივილიზებულ და სამართლიან ჩარჩოში წარმართვა, მედიაციის მიზნით მიმართონ განათლების სამინისტროს.
და მთავარი:
• თუ ეს პროცესები არ შეჩერდება მოვითხოვთ, დაკავებული თანამდებობა დატოვოს ფაკულტეტის დეკანმა, გიორგი ღაღანიძემ და შესაბამისად, დამთავრდეს ფაკულტეტზე გამეფებული ბიუროკრატია, განუკითხაობა და ძალადობის გზით პირად ინტერესებეზე მორგებული გადაწყვეტილებების მიღება. დეკანის წასვლა ხელს შეუწყობს ფაკულტეტზე არსებული მძიმე ვითარებისა და შექმნილი არაკოლეგიალური გარემოს გაჯანსაღებას, რაც პირდაპირ აისახება უმთავრესზე-სწავლების ხარისხზე.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები