ნიკოლოზ ანთიძე – „თუ არ მოუვლიან, მხოლოდ რეაბილიტაცია ვერ უშველის“
უშგულში საპროტესტო აქციასთან დაკავშირებით კომენტარი გააკეთა საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს გენერალურმა დირექტორმა, ნიკოლოზ ანთიძემ.
ნიკოლოზ ანთიძემ „პირველ არხთან“ საუბრისას განაცხადა, რომ აქციის მონაწილეების პრეტენზიები მიუღებელია, რადგან სვანეთის კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების რეაბილიტაციის პროცესი აქტიურად მიმდინარეობს.
მისი თქმით, წლევანდელი წელი გარდამტეხია, რადგან ფართომასშტაბიანი სამუშაოები ძეგლებზე სახელმწიფო ბიუჯეტით წელს დაიწყო. მხოლოდ წელს მიმდინარეობს 23 ძეგლის რეაბილიტაცია, რომელთა შორისაც არის კოშკები და მაჩუბები. უკვე დაიწყო, ასევე, 30 ძეგლის საპროექტო დოკუმენტაციის მომზადება, რომელთა რეაბილიტაციაც მომავალ წელს დაიწყება“…
ნიკა ანთიძის თქმით, ჩარქსელიანების კოშკის ჩამონგრევამდე ერთი დღით ადრე მოხდა პრობლემის შესწავლა. „სააგენტომ იცოდა, რომ ძეგლს ჰქონდა პრობლემა და უნდა დაწყებულიყო სამუშაოები. ახლაც მიმდინარეობს მის საპროექტო გეგმაზე მუშაობა და ეს ძეგლი დაიბრუნებს თავის პირვანდელ სახეს. ამის მაგალითი არის წინა ჩამონგრეული კოშკი უშგულში, რომლის სარეაბილიტაციო სამუშაოები ამ დრომდე მიმდინარეობს“.
საერთოდ, მგონია, რომ დიდი წილი პასუხისმგებლობა ეკისრება ამ ძეგლების მოვლა-პატრონობაში ადგილობრივ მოსახლეობას, რომ ის, რასაც ვაკეთებთ, რეალურად არ დაზიანდეს. თუ არ მოუვლიან, მხოლოდ რეაბილიტაცია ვერ უშველის. ძალიან მიკვირს და ვერ ვიღებ ამ საპროტესტო აქციის შინაარსს, რადგან ბევრი რამე კეთდება სვანეთში, რაც რეალურად არ ჩანს. მთავარი არის ის, რომ ხაზს არ ვუხვევთ და რაც არის დაგეგმილი, რომელი პრობლემების შესახებაც ჩვენ ვიცით, ის პრობლემები ხუთ წელიწადში გადაიჭრება“, – აცხადებს ანთიძე.
სვანური კოშკების რეაბილიტაციის მოთხოვნით, უშგულში საპროტესტო აქცია იმართება.
წყარო: 1tv.ge.