პრეზიდენტი: საქართველო თავისი ნაბიჯებით, რეფორმებით, ეკონომიკური მდგრადობით სულ უფრო სანდო და საიმედო პარტნიორი ხდება

“ჩვენ საამაყო ჯარისკაცები გვყავს, რომლებიც როგორც აქ, ქვეყანაში, ისე მის ფარგლებს გარეთ – სამშვიდობო მისიებში იცავენ მშვიდობას და იმსახურებენ ჩვენი პარტნიორების დიდ პატივისცემასა და ნდობას”, – ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა მრავალეროვნული სამხედრო სწავლების – „მტკიცე სული/Agile Spirit 2019“-ის დახურვის ოფიციალურ ცერემონიაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
„დღეს ჩვენ კიდევ ერთხელ გამოვხატავთ არჩეული გზის ერთგულებას. გზა ნატო-სკენ, ეს არის გზა გლობალური მშვიდობისკენ, გზა რეგიონის სტაბილურობის გაძლიერებისა და უსაფრთხოებისკენ. ამ გზაზე საერთაშორისო პარტნიორობას უდიდესი მნიშვნელობა აქვს. ამ სწავლებით საქართველო კიდევ ერთხელ ამტკიცებს, რომ სოლიდური წვლილის შეტანა შეუძლია ჩვენს რეგიონში სტაბილური და უსაფრთხო გარემოს შექმნასა და შენარჩუნებაში. საქართველო თავისი ნაბიჯებით, სამხედრო და პოლიტიკური რეფორმებით, თავისი ეკონომიკური მდგრადობით სულ უფრო სანდო და საიმედო პარტნიორი ხდება. თავდაცვასა და შეიარაღებაზე ზრუნვისას ჩვენ ნატო-ს სტანდარტებით ვხელმძღვანელობთ: თავდაცვაზე მთლიანი შიდა პროდუქტის 2%, შეიარაღებაზე კი – თავდაცვის ბიუჯეტის 20% იხარჯება. ჩვენ საამაყო ჯარისკაცები გვყავს, რომლებიც როგორც აქ, ქვეყანაში, ისე მის ფარგლებს გარეთ – სამშვიდობო მისიებში იცავენ მშვიდობას და იმსახურებენ ჩვენი პარტნიორების დიდ პატივისცემასა და ნდობას. აქვე მინდა, აღვნიშნო, რომ რამდენიმე თვეში საქართველოში დაგეგმილია ჩრდილოატლანტიკური საბჭოს სტუმრობა, რაც ალიანსის მხრიდან მტკიცე პოლიტიკური მხარდაჭერის ნათელი გზავნილია.
ჩვენი ყოველი გზავნილი, რომელიც თავდაცვის უნარიანობის გაძლებას ემსახურება, საქართველოს მშვიდობიანი პოლიტიკიდან გამომდინარეობს. საქართველო, როგორც დამოუკიდებელი, დემოკრატიული სახელმწიფო, ორიენტირებულია მშვიდობის განმტკიცებაზე, კონფლიქტების მშვიდობიანად გადაწყვეტასა და სახელმწიფოებრივ განვითარებაზე. ჩვენ ამ კურსიდან არ გადავუხვევთ. ჩვენი გზა – ეს არის გზა, რომელიც თანაბრად სჭირდებათ საქართველოსა და მის საერთაშორისო პარტნიორებს, რამეთუ მშვიდობა და სტაბილურობა, უსაფრთხო გარემო დღეს ძალიან სჭირდება არა მხოლოდ ცალკეულ ქვეყანას, არამედ მთელს მსოფლიოს. ჩვენთვის, ქართველებისთვის დიდი პატივი და პასუხისმგებლობაა, რომ ამ საქმეში ჩვენი წვლილის შეტანა შეგვიძლია”, – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.
ცნობისთვის, საქართველოში დასრულდა მრავალენოვანი სამხედრო სწავლება – “მტკიცე სული 2019”, რომელიც 27 ივლისს გაიხსნა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები