9 აგვისტოს, აბასთუმანში, ზაქარია ფალიაშვილმა ოპერა „დაისი“ დაამთავრა
1923 წლის 9 აგვისტოს, აბასთუმანში ზაქარია ფალიაშვილმა დაამთავრა ოპერა „დაისი“, პრემიერა შედგა იმავე წლის 19 დეკემბერს თბილისის ოპერის თეატრის სცენაზე, – ინფორმაციას თბილისის მუზეუმების გაერთიანება ავრცელებს.
დამდგმელი რეჟისორი კოტე მარჯანიშვილი, მხატვრულად გააფორმა მხატვარმა ვ. სიდამონ-ერისთავმა. საბალეტო ნომრებზე მუშაობდა ქორეოგრაფი მ. დისკოვსკი, რომელსაც დახმარებას უწევდა ილიკო სუხიშვილი. ილიკო სუხიშვილმა ლილი გვარამაძესთან ერთად, „ლეკურის“ უზადო შესრულების კლასიკური ნიმუში მოგვცა.
ოპერას დირიჟორობდა კომპოზიტორის ძმა ივანე ფალიაშვილი. „დაისის“ წარმატებულ პრემიერას მნიშვნელოვნად შეუწყო ხელი ლეგენდარულმა მომღერალმა ვანო სარაჯიშვილმა.
„დაისის“ შექმნის იდეა ზაქარია ფალიაშვილს ცნობილმა ქართველმა დრამატურგმა და მსახიობმა ვალერიან გუნიამ მიაწოდა, რომელმაც შემდეგ ოპერის სიუჟეტი და ლიბრეტოც შექმნა. გუნიამ გამოიყენა შოთა რუსთაველის, აკაკი წერეთლის, ვაჟა-ფშაველას და ნიკოლოზ ბარათაშვილის ლექსები. ახალი ნაწარმოების სახელწოდებად განზრახული იყო „ორთა მიჯნური“, ანდა – „ღამის თევაზე”. „დაისი“ ოპერის დაწერის შემდეგ, ბოლო მომენტში გამოიკვეთა.
ზაქარია ფალიაშვილი ვანო სარაჯიშვილსა და სანდრო ინაშვილს აცნობდა მალხაზისა და კიაზოს პარტიებს და იზიარებდა მეგობართა ზოგიერთ პროფესიულ შენიშვნას. არსებობს აზრი, რომ მალხაზის არია „თავო ჩემო“, რომლითაც მთავრდება ოპერის პირველი მოქმედება, ფალიაშვილმა თითქოს ვანო სარაჯიშვილის დაჟინებული მოთხოვნით დაამუშავა და შეიტანა „დაისის“ პარტიტურაში.
წყარო: