მიხეილ ბატიაშვილი: ძალიან მალე ქართული ენა ინტეგრირდება Microsoft-ის ხელოვნური ინტელექტის პლატფორმებზე

განათლების კომპლექსური რეფორმის ფარგლებში, სასწავლო დაწესებულებებში სწავლის ხარისხის ასამაღლებლად, ერთ-ერთი სტრატეგიული კომპონენტია ციფრული ტექნოლოგიების სწავლა-სწავლების პროცესში დანერგვა. ამის შესახებ განათლების სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია აღნიშნული.
მათივე ცნობით, აღნიშნული მიმართულებით განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრომ არაერთი მნიშვნელოვანი პროექტი განახორციელა.
“კიდევ ერთი მასშტაბური პროექტი, რომელზე მუშაობა ამ ეტაპზე ინტენსიურად მიმდინარეობს, Microsoft-ის ხელოვნური ინტელექტის პლატფორმებზე ქართული ენის ინტეგრირებასა გულისხმობს.
ამ მიზნით, საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და საპორტის მინისტრმა მიხეილ ბატიაშვილმა Microsoft-ის ექსპერტთან განათლების საკითხებში ოლივერ ზოფიჩთან სამუშაო შეხვედრა გამართა. შეხვედრის დროს საუბარი შეეხო სამინისტროსა და Microsoft-ს შორის თანამშრომლობის ფარგლებში განსახორციელებელ პროექტს, რომელიც შემოდგომიდან განხორციელდება და საშუალო და უმაღლესი განათლების მიმართულებით ხელმისაწვდომი გახდება.
„განათლების რეფორმის ფარგლებში, ჩვენი სტრატეგიის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ნაწილია ტექნოლოგიების განვითარება და ხელოვნური ინტელექტის განათლების კომპონენტად შემოტანა. დღეისათვის დიდი კომპანიები ქართულ ენისთვის „ჩაკეტილია“ – სწორედ ამიტომ, ხელოვნური ინტელექტის პროექტის განვითარებისთვის დავიწყეთ აქტიური მუშაობა მაიკროსოფტთან. ვაწარმოებთ მოლაპარაკებებს იმისთვის, რომ რაც შეიძლება მალე ქართული ენა ინტეგრირდეს Microsoft-ის ხელოვნური ინტელექტის პლატფორმებზე. ეს შესაძლებლობას მოგვცემს, რომ საქართველოში განათლების სისტემაში გამოვიყენოთ და დავნერგოთ ხელოვნური ინტელექტი, როგორც ერთ-ერთი ძლიერი და მნიშვნელოვანი პლატფორმა.“ – განაცხადა მიხეილ ბატიაშვილმა.
ქართული ენის Microsoft-ის ხელოვნური ინტელექტის პლატფორმებზე ინტეგრირება სასწავლო პროცესში თანამედროვე ტექნოლოგიების მეტად დანერგვას შეუწყობს ხელს და ქართველ მოსწავლეებსა და მასწავლებლებს XXI საუკუნის გამოწვევებისთვის საჭირო ცოდნით შეაიარაღებს”, – აცხადებენ სამინისტროში.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები