“სააკაშვილმა ყველაფერი გააფუჭა, რისი გაფუჭებაც შეიძლებოდა – მან პირდაპირ ომში ჩაგვითრია”

პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარე, ირაკლი სესიაშვილი მიიჩნევს, რომ კამათი იმაზე, ომი 7 თუ 8 აგვისტოს დაიწყო “მდაბიო პოლიტიკური დისკუსიაა” –  ამის შესახებ მან “ტვ პირველის” ეთერში განაცხადა.
მისივე შეფაებით, საქართველოს მესამე პრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა “ყველაფერი გააფუჭა, რისი გაფუჭებაც შეიძლებოდა” და პირდაპირ ომში ჩაითრია ქვეყანა.
„მე იმ მდაბიო პოლიტიკურ დისკუსიაში ვერ შევალ, სადაც ვიღაცისთვის საინტერესოა, 7 იყო თუ 8 აგვისტო. ამ დისკუსიაში ვერ შევალ  ერთი მარტივი მიზეზის გამო – საერთაშორისო სამართლის მიხედვით, რუსეთი არის ოკუპანტი, მან განახორციელა სამხედრო აგრესია – არა მხოლოდ სამხედრო აგრესია, გენოციდიც კი მოაწყო, ეთნიკური ნიშნით მოახდინა სიტუაციის შეცვლა და ქართული სოფლები პირწმინდად გაანადგურა. რაც შეეხება სააკაშვილს, მან ყველაფერი გააფუჭა, რისი გაფუჭებაც შეიძლებოდა. მან პირდაპირ ომში ჩაგვითრია და თან ვერანაირი პასუხისმგებლობა ვერ გამოიჩინეს, ვერც ქვეყანას მართავდნენ, ვერც კრიზისს, ვერც ჯარს, მარტო გაქცევა იცოდნენ. და დღეს ეს პოლიტიკური ძალა გამოდის და მესაუბრება, შვიდში დავიწყეთ ომი თუ რვაში”, – განაცხადა ირაკლი სესიაშვილმა.
მისივე თქმით, რუსეთს სურდა ჩვენი ტერიტორიების ოკუპაცია, რადგან კრემლს ნატო-ს გაფართოების შეჩერება სურდა.
„კრემლს სურდა, რომ ნატო-ს გაფართოება შეეჩერებინა. ამის დიდი პერსპექტივები ჰქონდა საქართველოს და იმის ნაცვლად, რომ სწორი პოლიტიკა განეხორციელებინა, სააკაშვილმა და მისმა ხელისუფლებამ ყველაფერი გააფუჭა იმ ფორმით, რომ, საბოლოოდ,  ომში ჩათრეული აღმოვჩნდით. ჩვენ თუ ვამბობთ, რომ რუსეთი მტერია და კრემლი მტერია, სამწუხაროდ, მას მოკავშირე აღმოუჩნდა. იმის ნაცვლად, რომ ეს ომი თავიდან აგვერიდებინა, ამაში ჩაგვითრიეს”, – განაცხადა ირაკლი სესიაშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები