ვეტერანების საქმეთა სამსახურის თანამშრომლებმა გმირთა მემორიალი გვირგვინით შეამკეს

0

მიმდინარე წლის 8 აგვისტოს, 2008 წლის აგვისტოს ომში დაღუპული ქართველი სამხედროების ხსოვნის პატივის მისაგებად, ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის დირექტორი, ვლადიმერ იმნაძე, მოადგილეები ნიკოლოზ კვეზერელი, მირონ ჩიგოგიძე და ჯანდრი უბირია, პრემიერ-მინისტრ მამუკა ბახტაძესთან, პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილთან და მინისტრთა კაბინეტის სხვა წევრებთან ერთად, მუხათგვერდის ძმათა სასაფლაოზე მივიდნენ. მათ გმირთამემორიალი გვირგვინითა და ყვავილებით შეამკეს და საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის დაღუპულ მებრძოლებს წუთიერი დუმილით პატივი მიაგეს.
ვლადიმერ იმნაძემ სასაფლაოზე შეკრებილ ომში დაღუპული სამხედროების ოჯახის წევრებს მიუსამძიმრა და მათ მიმართ თანაგრძნობა და პატივისცემა კიდევ ერთხელ გამოხატა.
მოგვიანებით, ვლადიმერ იმნაძე უწყების წარმომადგენლებთან ერთად, გმირთა მოედანზე მივიდა და საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის დაღუპული მებრძოლების მემორიალი გვირგვინით შეამკო.
„საქართველოს ოკუპაცია 2008 წელს არ დაწყებულა. ეს ათწლეულებია უკვე გრძელდება. მათ შორის ბოლო ტრაგედია იყო 2008 წელს. ქართველმა ჯარისკაცებმა ყველაფერი გააკეთეს, იმისთვის, რომ მტერს კიდევ ერთი გამარჯვება არ ეზეიმა,თუმცა, სუბიექტური და ობიექტური მიზეზების გამო, ვერ გამოვიდა ისე, როგორც მათ და ჩვენ გვინდოდა.საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის წარმოებულ ბრძოლებში ბევრი ახალგაზრდა დაიღუპა. როგორც სამაჩაბლოშიაფხაზეთში, შინდისში და სხვა ადგილებში. პატივს მივაგებთ მათ ხსოვნას. ვისურვებდი, რომ აღარ განმეორებულიყოს მსგავსი ტრაგედიები და ჩვენ ქვეყანას გამარჯვებით ევლოს.”- განაცხადა ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურისდირექტორის მოადგილემ, მირონ ჩიგოგიძემ.
თავდაცვის სამინისტროს მონაცემებით, 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომში სულ დაღუპულად 169 სამხედრო მიიჩნევა, აქედან ხუთი უგზო-უკვლოდ დაკარგულია. 2008 წელს, რუსული ინტერვენციის შედეგად, საქართველოს 228მშვიდობიანი მოქალაქე და14 პოლიციელი დაიღუპა, ხოლო 1 747 დაიჭრა. სახლები იძულებით, თითქმის 150 000-მა ადამიანმა დატოვა, მათგან 30 000-მდე დღემდე დევნილობაში რჩება.

კომენტარები

კომენტარი