თამარ ხულორდავა: საერთაშორისო მხარდაჭერა სერიოზული სტიმულია საქართველოსთვის, განაგრძოს თანმიმდევრული სამშვიდობო პოლიტიკა ოკუპირებული ტერიტორიების მიმართ

საერთაშორისო მხარდაჭერა სერიოზული სტიმულია საქართველოსთვის, განაგრძოს თანმიმდევრული სამშვიდობო პოლიტიკა ოკუპირებული ტერიტორიების მიმართ, – ამის შესახებ პარლამენტის ევროინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ თამარ ხულორდავამ განაცხადა.

თამარ ხულორდავამ საქართველოს პირველ არხთან აგვისტოს ომზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ საზოგადოებას ეს დღეები საქართველოს უახლეს ისტორიაში ყველაზე შავბნელ პერიოდს ახსენებს, რომელიც ქვეყნისთვის ძალიან მძიმე შედეგებით დასრულდა.

„მძიმეა ის, რომ 11 წელი გავიდა მას შემდეგ, რაც რუსეთის ოკუპაცია აღიარებულია მთელი მსოფლიოს, საერთაშორისო თანამეგობრობის მიერ და სამწუხაროდ, ამ ხნის განმავლობაში, საერთაშორისო თანამშრომლობის, მხარდაჭერისა და ქართული მხარის მხრიდან სამშვიდობო პოლიტიკის გატარების მიუხედავად, ხელშესახები შედეგი არ გვაქვს, რომელიც ჩვენი ოკუპირებული ტერიტორიების დეოკუპაციაში უნდა გამოიხატოს. აქტიურად ვაგრძელებთ მუშაობას ერთადერთი ინსტრუმენტისა და შესაძლებლობის გამოყენებით, რომელიც საქართველოს აქვს და ეს არის საერთაშორისო პარტნიორების მობილიზება. მუდმივად ვაყენებთ საერთაშორისო დღის წესრიგში ოკუპირებული ტერიტორიების საკითხს. ჩვენი პარტნიორები მნიშვნელოვან პოლიტიკურ განცხადებებს აკეთებენ ჩვენს მხარდასაჭერად. საერთაშორისო ასპარეზზე”, – აცხადებს ხულორდავა.

დეპუტატის განცხადებით, პოლიტიკური თვალსაზრისით, ქვეყანას გარკვეული შედეგები აქვს, საერთაშორისო ორგანიზაციებისა თუ პარტნიორი ქვეყნების მიერ მიღებულია არაერთი პოლიტიკური დატვირთვის მქონე რეზოლუცია და განცხადება, რაც იმ უკანონობას ცალსახად აღიარებს, რომელიც 2008 წელს საქართველოში განხორციელდა და სრულ პასუხისმგებლობას რუსეთს აკისრებს ოკუპირებულ ტერიტორიებზე სამართალდარღვევებ ისა და ადამიანის უფლებების უხეში დარღვევისთვის, როგორც ამ ტერიტორიებზე ეფექტიანი კონტროლის განმახორციელებელს.

„ეს დანაშაულები, მოქალაქეების დევნა და შევიწროება, ჩვენდა საუბედუროდ, დღესაც გრძელდება. საერთაშორისო მხარდაჭერის უმნიშვნელოვანესი გამოხატულება იყო ამერიკის შეერთებული შტატების 2017 წელს მიღებული გადაწყვეტილება, როცა კანონის დონეზე ამერიკული ფინანსების გამოყოფა იმ ქვეყნებისთვის აიკრძალა, ვინც საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიების „დამოუკიდებლობას” აღიარებდნენ. ეს პარტნიორი ქვეყნის მხრიდან ჩვენი არაღიარების პოლიტიკის ძალიან მნიშვნელოვანი და ქმედითი მხარდაჭერაა. ეს ერთჯერადი აქტი არ ყოფილა. სამი წელია, ამერიკის შეერთებული შტატები ამ ტექსტს თავის საკანონმდებლო აქტში იმეორებს და ეს მნიშვნელოვანი მხარდაჭერაა ჩვენთვის. სამწუხაროა, რომ ეს მხარდაჭერის აქტები ომიდან მხოლოდ მეშვიდე, მერვე, მეცხრე და მე-11 წელს ხდება, როცა ისევ იმ პრობლემას ვებრძვით, რასაც ჩვენი ტერიტორიების ოკუპაცია ჰქვია”, – განაცხადა დეპუტატმა.

თამარ ხულორდავა ევროპარლამენტის მიერ 2018 წელს მიღებულ რეზოლუციაზე აკეთებს აქცენტს.

„ევროპარლამენტმა 2018 წელს პირველად მიიღო რეზოლუცია საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ, რომელმაც რუსული მხარის პასუხისმგებლობა ძალიან მკაფიოდ განსაზღვრა და ევროკავშირის ქვეყნებს მოუწოდა, საქართველოს უფრო ქმედითი დახმარება აღმოუჩინონ. ამასთან, რეზოლუციამ კიდევ ერთხელ მოუწოდა რუსეთს, რომ ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება შეასრულოს, რომელიც ევროკავშირის შუამავლობითა და დახმარებით იქნა მიღწეული, თუმცა ვიცით, რომ ამ საერთაშორისო შეთანხმებას და მის მიერ ნაკისრ ვალდებულებას რუსეთი უკვე 11 წელია, არ ასრულებს. საერთაშორისო პოლიტიკური მხარდაჭერა ძალიან საჭიროა და საქართველოსთვის სერიოზული სტიმულია, გააგრძელოს თანმიმდევრული სამშვიდობო პოლიტიკა ოკუპირებული ტერიტორიების მიმართ”, – ამბობს ხულორდავა.

პარლამენტის ევროინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე ქართული მხარის მიერ ოკუპირებულ ტერიტორიებთან მიმართებაში განხორციელებულ სამშვიდობო პოლიტიკაზეც საუბრობს.

„8 აგვისტო არის დღე, რომელიც პირველ რიგში იმ ოჯახებს უნდა მივუსამძიმროთ, რომელთაც მამები, შვილები, ძმები, დები და ახლობელი ადამიანები დაკარგეს ამ ტრაგიკული მოვლენების შედეგად. უნდა ვანუგეშოთ მოქალაქეები, რომლებიც გამყოფი ხაზის ორივე მხარეს – ცენტრალური ხელისუფლების მიერ კონტროლირებად და ოკუპირებულ ტერიტორიებზე ცხოვრობენ. საქართველოს ხელისუფლებას ოკუპირებულ ტერიტორიებთან მიმართებაში კონკრეტული გეგმები გვაქვს. გვსურს, ხელი შევუწყოთ მეტ ჩართულობას და კონტაქტების დამყარებას ჩვენს თანამოქალაქეებთან, რომლებიც ხელოვნურად არიან მოგლეჯილი საქართველოს ხელისუფლების მიერ კონტროლირებად ნაწილს, დანარჩენ საქართველოს. ამას სჭირდება თანმიმდევრული, გონივრული პოლიტიკა და ასევე საერთაშორისო მხარდაჭერა იმ პოლიტიკის მიმართ, რომელსაც საქართველოს ხელისუფლება ახორციელებს”, – განაცხადა თამარ ხულორდავამ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები