გია ვოლსკი – ხაბეიშვილი ხმამაღალ განცხადებებს აკეთებს, რათა ყურადღება მიიქციოს
„ეტყობა, ხაბეიშვილს ხალხის შეგულიანება უნდა, რომელიც გარკვეული მიზეზების გამო შემოეფანტა. მისი დამოკიდებულება მძიმე, შეურაცხმყოფელია და არ ითვალისწინებს რეალობას, რა ხდება ქვეყანაში,“ – ამის შესახებ, პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა, გია ვოლსკიმ განაცხადა.
„მას ისევ საკუთარი თავის წარმოჩენა უნდა. ამბობს, „ქართულმა ოცნებამ“ კაპიტულაცია გამოაცხადაო. ეს განცხადება იმისთვის არის, ვისაც ეშინია ფიზიკური დაპირისპირების, ამ გმირ ლიდერს, ხმალამოღებულს უნდა გაჰყვეს და უკვე დამარცხებული, მტრის რიგებში შეიჭრას. მას პოლიტიკაზე ასეთი წარმოდგენა აქვს, მაგრამ რეალურად ის ადამიანია, ვინც თავისი ინტელექტით ერთადერთი რესურსის მატარებელია, რომ ადამიანების საზიანო განცხადებები გააკეთოს და მუშტიც მოიქნიოს, მაგრამ არანაირი პოლიტიკური პერსპექტივა არ აქვს“, – აღნიშნა გია ვოლსკიმ.
ცნობისთვის, „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, ლევან ხაბეიშვილმა სოციალურ ქსელში დაწერა: „ივანიშვილის რეჟიმის კაპიტულაცია ახლოვდება, 4 ოქტომბერი გამარჯვების დღეა, ყველა ქუჩაში, დროშები“.