კინოთეატრ „ამირანში” კვენტინ ტარანტინოს ახალი ფილმის – „ერთხელ ჰოლივუდში” პრემიერა გაიმართება
7 აგვისტოს, 20:30 საათზე, საქართველოს კინოთეატრებში გამოსვლამდე ერთი დღით ადრე, კვენტინ ტარანტინოს ახალ ფილმს – „ერთხელ ჰოლივუდში” კულტურის სფეროს წარმომადგენლები და საზოგადოებისთვის ცნობილი სახეები დახურულ პრემიერაზე ნახავენ.
ღონისძიებას კინოთეატრი „ამირანი” და ეროვნული კინოცენტრი უმასპინძლებს. მოწვეული სტუმრები 70-იანი წლების სტილს მოირგებენ.
ფილმის მსოფლიო პრემიერა კანის საერთაშორისო კინოფესტივალზე რამდენიმე თვის წინ შედგა. ჩვენების დასრულების შემდეგ აუდიტორიის აპლოდისმენტები 7 წუთის მანძილზე არ წყდებოდა.
„ერთხელ ჰოლივუდში” 1969 წელს ლოს-ანჟელესში განვითარებულ მოვლენებს ასახავს, მათ შორის ამერიკელი სერიული მკვლელის ჩალზ მენსონისა და მისი მიმდევრების დანაშაულს, რასაც ცნობილი რეჟისორის – რომან პოლანსკის მეუღლისა და მისი მეგობრების სიცოცხლე შეეწირა.
ფილმში მთავარ როლებს ჰოლივუდის ვარსკვლავები – ლეონარდო დიკაპრიო, ბრედ პიტი, მარგო რობი, დაკოტა ფანინგი, ალ პაჩინო და კურტ რასელი ასრულებენ.