იუსტიციის მინისტრმა მედიაციის შესახებ გაერო-ს კონვენციას ხელი მოაწერა

საქართველო შეუერთდა გაერო-ს კონვენციას მედიაციის შესახებ. ამ მიზნით სინგაპურში იუსტიციის მინისტრ თეა წულუკიანის ხელმძღვანელობით ქართული დელეგაცია იმყოფება.
იუსტიციის სამინისტროს ინფორმაციით, დელეგაციის შემადგენლობაში არიან საქართველოს მთავრობის წევრები, ასევე, საქართველოს არბიტრაჟთა ასოციაციის თავმჯდომარე – სოფო ტყემალაძე.
„საქართველო პირველ ხელმომწერ სახელმწიფოებს შორისაა, ვინც გაერო-ს მედიაციის შესახებ კონვენციას ხელს აწერს დღეს სინგაპურში იმ მნიშვნელოვან პარტნიორ ქვეყნებთან ერთად, რომლებთანაც ჩვენ გვინდა, გვქონდეს მეტად აქტიური ეკონომიკური ურთიერთობები – იქნება ეს ამერიკის შეერთებული შტატები, ჩინეთი თუ სხვა. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ საქართველო არ ჩამორჩება მსოფლიო სამართლებრივ პროცესებს და ამ ნოვატორული სულისკვეთების კონვენციას ხელს აწერს დღეს სინგაპურში იმისთვის, რომ როდესაც საინვესტიციო ბიზნესი თუ კომერციული დავები განხილული იქნება, ამ ალტერნატიული მექანიზმის წყალობით საქართველოში ამგვარი შეთანხმების აღსრულება მარტივად და სწრაფად მოხდეს და ბიზნესმენებს არ უწევდეთ სასამართლოში გრძელვადიანი პროცედურების გავლა. იმედი გვაქვს, რომ ეს კიდევ ერთი ინსტრუმენტი იქნება იმისთვის, რომ ჩვენი ქვეყნის შიგნით ეკონომიკური ზრდა წავახალისოთ და ბიზნესს ხელი შევუწყოთ უფრო ეფექტიან ფუნქციონირებაში“, – განაცხადა წულუკიანმა.
საქართველოს სახელით სინგაპურის კონვენციას იუსტიციის მინისტრმა, თეა წულუკიანმა მოაწერა ხელი.
“კონვენციასთან შეერთებით ქვეყანამ კიდევ ერთი ნაბიჯი გადადგა იმ მიზნისაკენ, რომელიც რეგიონში საქართველოს დავის ალტერნატიული გადაწყვეტის მექანიზმების ცენტრად, საარბიტრაჟო და სამედიაციო ჰაბად ჩამოყალიბებას გულისხმობს.
მნიშვნელოვანია, რომ საქართველო ერთ-ერთი პირველი ქვეყანაა, რომელიც კონვენციას შეუერთდა. კონვენციის ტექსტი 2018 წლის 20 დეკემბერს გაერო-ს ასამბლეაზე დამტკიცდა და ხელმოსაწერად გაიხსნა. მისი მიზანი კომერციულ და ვაჭრობასთან დაკავშირებულ დავებზე მედიაციის შედეგად მიღწეული მორიგებების აღსრულებისთვის ერთიანი საერთაშორისო სამართლებრივი ჩარჩოს შექმნაა, რაც ხელს შეუწყობს მედიაციის, როგორც დავების გადაწყვეტის ალტერნატიული მექანიზმის, განვითარებას. სინგაპურის კონვენცია მხარეებს შესაძლებლობას აძლევს, მარტივად დაეყრდნონ და აღასრულონ მედიაციის შედეგად მიღწეული მორიგების ხელშეკრულებები კონვენციის მონაწილე სახელმწიფოებში, რითაც ხელს უწყობს საერთაშორისო ვაჭრობისა და ბიზნესურთიერთობების განვითარებას და ახალისებს მედიაციის გამოყენებას სავაჭრო და ბიზნესდავების გადაწყვეტისთვის, როგორც დავების მოგვარების ალტერნატიულ საშუალებას, არბიტრაჟთან ერთად.
კონვენციას ხელი მოაწერა გაერო-ს 40-ზე მეტმა ქვეყანამ, რომელთა შორისაა სინგაპური, ჩინეთი, ამერიკის შეერთებული შტატები, ისრაელი, ირანი, თურქეთი, უკრაინა, ბელარუსი, ყაზახეთი, მალაიზია, ავღანეთი, ჩილე, პარაგვაი, ფილიპინები, ყატარი, სამხრეთ კორეა, საუდის არაბეთი, სერბეთი”, – აღნიშნულია იუსტიციის სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
ვიზიტის ფარგლებში, იუსტიციის მინისტრმა მონაწილეობა მიიღო მინისტერიალში თემაზე – „ნდობის დანერგვა, საერთაშორისო ვაჭრობის განვითარება”. მინისტრმა ისაუბრა კანონის უზენაესობისა და სამართლიანი სასამართლოს მნიშვნელობაზე ქვეყნის დემოკრატიული განვითარებისა და ეკონომიკური აღმავლობის საქმეში და ყურადღება გაამახვილა დავების გადაჭრის ალტერნატიული მექანიზმების მნიშვნელობაზე.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები