გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ღვინის ლაბორატორია 15 წლისაა

შპს ღვინის ლაბორატორიამ დაარსებიდან 15 წლის იუბილე აღნიშნა.
„ღვინის ლაბორატორიას ქართული ღვინის პოპულარიზაციის საქმეში მნიშვნელოვანი წვლილი შეაქვს. ქართული ღვინის ხარისხის სისტემის ჩამოყალიბებისა და კერძო სექტორის ევროპულ სტანდარტებზე გადასვლის ხელშეწყობის მიზნით, ლაბორატორია საქართველოში გერმანიის ტექნიკური თანამშრომლობის საზოგადოების (GTZ) მხარდაჭერით 2004 წელს დაარსდა. საამაყოა, რომ ჩვენს ლაბორატორიაში მუშაობენ პროფესიონალები, შესაბამისი განათლებისა და გამოცდილების მქონე ენოლოგები, ქიმიკოსები და ბიოლოგები. თითოეულ მათგანს ვულოცავ იუბილეს და წარმატებებს ვუსურვებ“, – განაცხადა გარემოს დაცვისა სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილემ, ხატია წილოსანმა საიუბილეო თარიღთან დაკავშირებით გამართულ საზეიმო ღონისძიებაზე.
აღსანიშნავია, რომ ღვინის ლაბორატორია აღჭურვილია თანამედროვე მატერიალურ-ტექნიკური ბაზით. ლაბორატორიაში დანერგილია ხარისხისა და მაქსიმალურად დაცული, კონფიდენციალური, უნივერსალური მონაცემთა ბაზის (LIMS) სისტემები, რომელიც ითვალისწინებს ყველა დეტალს ნიმუშის მიღებიდან ანალიზის პასუხის გაცემამდე.
ლაბორატორია მუშაობს, როგორც ევროპული და საერთაშორისო კანონმდებლობით გათვალისწინებული და დაშვებული, ასევე ადგილობრივი, აპრობირებული და დოკუმენტალურად აღწერილი მეთოდიკებით.
მისასალმებელ სიტყვაში ლაბორატორიის დირექტორმა, ირმა ჭანტურიამ იუბილე მიულოცა ლაბორატორიის თანამშრომლებს, მადლობა გადაუხადა ნაყოფიერი საქმიანობისთვის და სამომავლო გეგმებზე ისაუბრა.
2014 წლიდან ღვინის ლაბორატორია სსიპ სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის დაქვემდებარებაშია და წარმოადგენს ბაზას, სადაც ხორციელდება ცენტრში მიმდინარე კვლევები მეღვინეობისა და სოფლის მეურნეობის პროდუქტთა შენახვა-გადამუშავების მიმართულებით.
ლაბორატორია თანამშრომლობს  როგორც კერძო სექტორთან, ასევე – სახელმწიფო და საერთაშორისო სტრუქტურულ ერთეულებსა და ორგანიზაციებთან, გარდა ამისა, უნივერსიტეტებთან, მევენახეობა-მეღვინეობაში ახალგაზრდა, კვალიფიციური კადრის მომზადების ხელშეწყობისთვის.
იუბილესთან დაკავშირებით გამართულ ღონისძიებას ღვინის ლაბორატორიის, საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს, სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის, ღვინის ეროვნული სააგენტოს, აკრედიტაციის ცენტრის, საერთაშორისო ორგანიზაციების, საგანმანათლებლო უნივერსიტეტებისა და ღვინის კერძო სექტორის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

R

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები