შავ ზღვაში აღმოჩენილი მყარი ნარჩენების, თითქმის, 83% პლასტმასსა და მიკროპლასტიკზე მოდის
კვლევა აჩვენებს, რომ შავი ზღვის, ისევე, როგორც მსოფლიოს ყველა სხვა ზღვის დაბინძურების მთავარ მიზეზად ადამიანების ზემოქმედება რჩება. 21-ე საუკუნის გამოწვევად კი პლასტიკით დაბინძურება განიხილება. შავ ზღვაშიც აღმოჩენილი მყარი ნარჩენების, თითქმის, 83% პლასტმასსა და მიკროპლასტიკზე მოდის – ამის შესახებ ინფორმაციას გარემოს ეროვნული სააგენტო ავრცელებს.
მათივე ცნობით, ამ გამოწვევის გათვალისწინებით, სახელმწიფომ ქმედითი ნაბიჯები უკვე გადადგა და მთელ რიგ მნიშვნელოვან ღონისძიებებს ახორციელებს როგორც საკანონმდებლო, ასევე – ინფრასტრუქტურული მიმართულებით.
„გარემოს ეროვნული სააგენტო უწყვეტ რეჟიმში ახორციელებს მონიტორინგს და შავი ზღვის წყალს სხვადასხვა მნიშვნელოვან პარამეტრზე აკონტროლებს. გარდა ამისა, ერთობლივი კვლევები ტარდება უცხოელ მეცნიერებთან ერთადაც.
სასიხარულო ფაქტია, რომ, კვლევების მიხედვით, შავი ზღვის საქართველოს სანაპიროზე ბიომრავალფეროვნების კუთხით დადებითი ტენდენციები ფიქსირდება. ამ მხრივ განსაკუთრებით გამოირჩევა სარფის, მწვანე კონცხისა და ციხისძირის აქვატორიული წყლები, სადაც მოლუსკებისა და კიბოსნაირების არსებობა სანაპირო წყლების ეკოლოგიურად ჯანსაღ გარემოზე მიუთითებს.
შავი ზღვის თვითაღდგენის პროცესზე მიუთითებს ევროპული ხამანცკის გამოჩენაც, რომელიც 40-იანი წლებიდან აღარ დაფიქსირებულა. საქართველოს ტერიტორიულ წყლებში ფიქსირდება თევზის 125 სახეობა, მათ შორისაა, წითელ წიგნში შეტანილი ზუთხისებრთა წარმომადგენლების 4 სახეობა.
აღსანიშნავია ის ფაქტიც, რომ შავი ზღვის საქართველოს ნაწილში აღებულ წყლის სინჯებში ლითონების კონცენტრაციები ევროპული სტანდარტების მიხედვით დაბალი მაჩვენებლები ფიქსირდება.
სამწუხაროდ, კვლევა აჩვენებს, რომ შავი ზღვის, ისევე როგორც მსოფლიოს ყველა სხვა ზღვის დაბინძურების მთავარ მიზეზად ადამიანების ზემოქმედება რჩება. 21-ე საუკუნის გამოწვევად კი პლასტიკით დაბინძურება განიხილება. შავ ზღვაშიც აღმოჩენილი მყარი ნარჩენების თითქმის 83% პლასტმასსა და მიკროპლასტიკზე მოდის.
ამ გამოწვევის გათვალისწინებით, სახელმწიფომ ქმედითი ნაბიჯები უკვე გადადგა და მთელ რიგ მნიშვნელოვან ღონისძიებებს ახორციელებს როგორც საკანონმდებლო, ასევე – ინფრასტრუქტურული მიმართულებით.
რადიკალურად იცვლება ნარჩენების მართვის სექტორი. 2015 წლის 15 იანვრიდან ძალაშია საქართველოს კანონი „ნარჩენების მართვის კოდექსი“, რომელიც სრულ შესაბამისობაშია ევროდირექტივების მოთხოვნებთან.
პლასტიკის ნარჩენების პრევენციისა და მისგან გარემოზე უარყოფითი გავლენის შემცირების მიზნით, საქართველოს მთავრობის 2018 წელს დაამტკიცა ტექნიკური რეგლამენტი პლასტიკისა და ბიოდეგრადირებადი პარკების რეგულირების წესის. რეგლამენტის მიხედვით, საქართველოში აკრძალულია პლასტიკისა და ოქსოდეგრადირებადი პარკების წარმოება.
აჭარის რეგიონში მოწყობილია და ფუნქციონირებს ერთ-ერთი ყველაზე თანამედროვე და მასშტაბური ადლიის გამწმენდი ნაგებობა, სადაც შავ ზღვაში ჩამდინარე წყლები იწმინდება ქვიშის, ცხიმისა და ნარჩენებისგან. გაწმენდილი წყალი ზღვაში სატუმბი სადგურის მეშვეობით 40 მეტრ სიღრმეზე ჩაედინება“, -ნათქვამია ინფორმაციაში.