დავით ზალკალიანი პროფესორ ლევან ალექსიძის გარდაცვალების გამო მწუხარებას გამოთქვამს
საგარეო საქმეთა მინისტრი, დავით ზალკალიანი იურიდიულ მეცნიერებათა დოქტორის, პროფესორი ლევან ალექსიძის გარდაცვალების გამო მწუხარებას გამოთქვამს. როგორც მან აღნიშნა, სწორედ მისი დიდი დამსახურებაა, რომ დღეს საქართველო საერთაშორისო სამართლის პრინციპებზე დაფუძნებული საერთაშორისო თანამეგობრობის ღირსეული, ანგარიშვალდებული და პასუხისმგებლიანი წევრია.
“უაღრესად დამწყვიტა გული ყველასათვის საყვარელი და სამაგალითო პიროვნების, ჩემი და დიპლომატიურ სამსახურში მოღვაწე არაერთი ჩემი კოლეგის, მასწავლებლისა და მენტორის ბატონ ლევან ალექსიძის გარდაცვალებამ.
სწორედ ბატონი ლევანის სახელს უკავშირდება ჩემი პირველი ნაბიჯები დიპლომატიაში და შემდგომი პროფესიული განვითარება.
საქართველოს დიპლომატიურ სამსახურში მყოფი პირებისთვის ყოველდღიურ საქმიანობაში დღესაც სახელმძღვანელოა ის ცოდნა, რაც ბატონი ლევანისგან მივიღეთ.
სწორედ ბატონმა ლევანმა ჩაუყარა საფუძვლები დამოუკიდებელი საქართველოს საერთაშორისო ურთიერთობების ფუნდამენტს და სწორედ მისი დიდი დამსახურებაა, რომ დღეს საქართველო გახლავთ საერთაშორისო სამართლის პრინციპებზე დაფუძნებული საერთაშორისო თანამეგობრობის ღირსეული, ანგარიშვალდებული და პასუხისმგებლიანი წევრი.
ჩემი და ქვეყნის დიპლომატიური უწყების სახელით, პატივს მივაგებთ ბატონი ლევანის ხსოვნას და ვუსამძიმრებთ მისი ოჯახის წევრებსა და ახლობლებს”, – ნათქვამია დავით ზალკალიანის “ფეისბუქპოსტში”.