„Holland’s Next Top Model“ მე-12 სეზონის სამ ეპიზოდს საქართველოში გადაიღებს

საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია ჰოლანდიის ერთ-ერთ ყველაზე რეიტინგულ რეალითი შოუს გადამღებ ჯგუფს მასპინძლობს.
მისი ინფორმაციით, „Holland’s Next Top Model” მორიგ მე-12 სეზონის სამ 45-წუთიან ეპიზოდს საქართველოში გადაიღებს. 50 -კაციანი გადამღები ჯგუფი საქართველოში ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციისა და თბილისის მერიის მხარდაჭერით იმყოფება.
პროექტის ფარგლებში საქართველოს ტურისტულ პოტენციალთან ერთად მოხდება ქართული მოდის პოპულარიზაცია. საქართველოს შესახებ 6-გვერდიანი სტატია გამოქვეყნდება ჟურნალში „ELLE“-ში.
შოუ 12 წელია არსებობს და ბენილუქსის ქვეყნებში უაღრესად დიდი პოპულარობით სარგებლობს. თითოეულ ეპიზოდს 1 მილიონამდე მაყურებელი ჰყავს.
გადაცემის წამყვანია ცნობილი მოდის ექსპერტი და ვლოგერი ანა ნოშინი, კონკურსანტებს შეაფასებს America’s Next Top Model-ის ჟიურის წევრი, მოდელი და ფოტოგრაფი ნაიჯელ ბარკერი.
ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის მხარდაჭერით, გასულს წელს საქართველოს ჰოლანდიაში ყველაზე რეიტინგული რეალითი შოუს „Wie Is De Mol“ (ვინ არის თხუნელა – „ჯაშუში“) გადამღები ჯგუფი ეწვია. გადაღებები საქართველოს სხვადასხვა კუთხეში მიმდინარეობდა.
ჰოლანდიის პოპულარული რეალითი შოუს ეპიზოდების საქართველოში ჩაწერა ხელს შეუწყობს საქართველოს ტურისტული პოტენციალის შესახებ ცნობადობის ამაღლებას ჰოლანდიის ტურისტულ ბაზარზე.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები