რუსუდან თევზაძე: აუცილებელია, გავიაზროთ, რომ ადამიანის თავისუფლება არ გულისხმობს არასახელმწიფოებრივ აზროვნებას
საქართველოს შოთა რუსთაველის თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელ-კანცლერი, რუსუდან თევზაძე მიიჩნევს, რომ ადამიანის თავისუფლება არცერთ შემთხვევაში არ გულისხმობს არასახელმწიფოებრივ აზროვნებასა და შესაბამის ქმედებას, ანუ მიზნებისა და ამოცანების კანონთან შეუთავსებლობას. როგორც მან “ფეისბუქის” პირად გვერდზე დაწერა, სამოქალაქო საზოგადოებაში ნებისმიერი ინდივიდური თუ საზოგადო პროგრესისა და ეკონომიკური კეთილდღეობის იდეა აუცილებელია, დიდი დოზით ითვალისწინებდეს უსაფრთხოების კომპონენტს.
“ბოლო დროს ქვეყანაში განვითარებულმა სოციალურ-ეკონომიკურმა და პოლიტიკურმა პროცესებმა კიდევ ერთხელ დაგვარწმუნა, ზოგადად, უსაფრთხოებასთან დაკავშირებული საკითხების აქტუალობაში.
ტერმინი „უსაფრთხოება“ მხოლოდ ასოციაციურადაც კი, ყოველგვარი თემატური შინაარსის გარეშე, არის ის ერთადერთი გარანტი, რომელიც უზრუნველყოფს მთელი ქვეყნის, მისი მოსახლეობის, სხვადასხვა საზოგადოებრივი ჯგუფისა და ცალკეული მოქალაქეების, როგორც ინდივიდების მდგრად, მომავალზე ორიენტირებულ განვითარებას.
ერთმნიშვნელოვნად აუცილებელია, გავიაზროთ და შევეგუოთ, რომ ადამიანის თავისუფლება, რომელიც კაცობრიობის უმთავრესი მონაპოვარია, არცერთ შემთხვევაში გულისხმობს არასახელმწიფოებრივ აზროვნებასა და შესაბამის ქმედებას, ანუ მიზნებისა და ამოცანების კანონთან შეუთავსებლობას.
ყოველგვარი მატერიალური თუ არამატერიალური უსაფრთხოება სამოქალაქო უსაფრთხოების ნაწილია.
სამწუხაროა, რომ შრომის უსაფრთხოების ევროპული სტანდარტების დანერგვა ხშირ შემთხვევაში უგულებელყოფილია, სწორედ ამიტომ, არითმეტიკული პროგრესიით იზრდება სავალალო და ტრაგიკული შემთხვევები, რისი მომსწრენიც ყოველდღიურად ვხდებით.
ცხადია, სახელმწიფო ვალდებულია კომპეტენციისა და ლეგიტიმაციის ფარგლებში უზრუნველყოს უსაფრთხოების კომპონენტი, თუმცა უპირველესი მნიშვნელობისაა ინდივიდური და კორპორატიული თვითშეგნება და ცნობიერება.
აქ საქმე გვაქვს როგორც დამქირავებლის, ასევე – დაქირავებულის მხრიდან სამოქალაქო უსაფრთხოების სფეროში მინიმალური ცოდნის არარსებობასთან.
სამოქალაქო საზოგადოებაში ნებისმიერი ინდივიდური თუ საზოგადო პროგრესისა და ეკონომიკური კეთილდღეობის იდეა აუცილებელია დიდი დოზით ითვალისწინებდეს უსაფრთხოების კომპონენტს, წინააღმდეგ შემთხვევაში კვლავაც გაგრძელდება ჩვენი ქვეყნისთვის ბოლო ათწლეულების განმავლობაში დამახასიათებელი მეტად მძიმე და ტრაგიკული სტატისტიკა”, – წერს რუსუდან თევზაძე სოციალურ ქსელში.