ღვინის ინდუსტრია რიცხვებში – მსოფლიო და საქართველო

გასულ წელს მსოფლიოს მეღვინეებმა 292,3 მილიონი ჰექტოლიტრი, ანუ 39 მილიარდი ბოთლი ღვინო ჩამოასხეს. მევენახეობის საერთაშორისო ორგანიზაციის(OIV) მონაცემებით, ღვინის უმსხვილესი მწარმოებლების ტოპ ხუთეულს იტალია ლიდერობს. აპენინის ნახევარკუნძულზე, ღვინის წარმოებით, 310 ათასი ფერმა და 46 ათასი მეღვინეა დაკავებული. იტალიელმა მეღვინეებმა გასულ წელს 54,8 მილიონი ჰექტოლიტრი ღვინო აწარმოეს, რაც მსოფლიოში წარმოებული ღვინის 19%-ს შეადგენს. 49,1 მილიონი ჰექტოლიტრი ( 17 %) ღვინო აწარმოეს საფრანგეთში. ღვინის უმსხვილეს მწარმოებლებს შორის 44,4 მილიონი ჰექტოლიტრით ( 15%) მესამე ადგილზე ესპანეთია. 23,9 მილიონი ჰექტოლიტრით ( 8%) მეოთხე ადგილზეა აშშ. 14,5 მილიონი ჰექტოლიტრი ( 5%) აწარმოა და მეხუთე ადგილზეა არგენტინა. ღვინის მთავარი ექსპორტიორებიც ეს ქვეყნები არიან, თუმცა ექსპორტიდან მიღებული შემოსავლებით საფრანგეთი ლიდერობს.
2018 წელს საფრანგეთმა 9,3 მილიარდი დოლარის ღვინო გაყიდა. იტალიური ღვინოს ექსპორტმა 6,1 მილიარდ დოლარს გადააჭარბა. გასულ წელს ესპანეთმა 2,9 მილიარდი დოლარის ღვინო გაიტანა ექსპორტზე. 1,8 მილიარდი ექსპორტი განახორციელა ავსტრალიამ. მწვანე კონტინენტს მცირედით ჩამორჩა ჩილე, რომელმაც საერთაშორისო ბაზრებზე 1.7 მილიარდი დოლარის ღვინო გაიტანა.
მთლიანად გასულ წელს მსოფლიოში 31,3 მილიარდი დოლარის ღვინო გაიყიდა. OIV -ის მონაცემებით, 2018 წელს ყველაზე მეტი ღვინო 33 მილიონი ჰექტოლიტრი აშშ -ში მოიხმარეს. ღვინის მოხმარებით (26,8 მილიონი ჰექტოლიტრი) მეორე ადგილზე საფრანგეთია.
საინტერესოა, რომ ერთ სულ მოსახლეზე ღვინის მოხმარებით პორტუგალია ლიდერობს. წლის განმავლობაში ერთი პორტუგალიელი საშუალოდ 62,2 ლიტრ ღვინოს მოიხმარს. 50,2 ლიტრით მეორე ადგილზე ფრანგები არიან . ერთი იტალიელი წლის განმავლობაში, დაახლოებით, 43,6 ლიტრ ღვინოს მოიხმარს.
რაც შეეხება ვენახების ფართობს მსოფლიოში – FAO –ს 2018 წლის მონაცემებით, მსოფლიოს მასშტაბით ვენახები 7,4 მილიონ ჰექტარზეა გაშენებული.
ვენახის ყველაზე დიდი ფართობები ესპანეთს აქვს. ამ ქვეყანაში ვენახი 969 ათას ჰექტარზეა გაშენებული. 875 ათასი ჰექტრით მეორე ადგილზეა ჩინეთი. მესამე ადგილზე საფრანგეთია, სადაც ვენახი 789 ათას ჰექტარს იკავებს. მეოთხე და მესამე ადგილებს იტალია ( 702 ათასი) და თურქეთი (448 ათასი) ინაწილებენ. საინტერესოა,რომ ისეთი პატარა ქვეყანა როგორიც მოლდოვაა ვენახების ფართობით მე -15 ადგილზეა ( 147 ათასი ჰექტარი) და ავსტრალიას, რუსეთს, საბერძნეთს,ბრაზილიას, უნგრეთს ბულგარეთსა და მექსიკას უსწრებს. რაც შეეხება ღვინის წარმოებას – თავისი მასშტაბებიდან გამომდინარე, მოლდოვა აქაც მოწინავეთა რიგებშია და 1,9 მილიონი ჰექტოლიტრით მე-19 ადგილს იკავებს.

ღვინის იმპორტიორებს 15,5 მილიონი ჰექტოლიტრით სათავეში გერმანია უდგას. 13,3 მილიონი ჰექტოლიტრით მეორე ადგილზე დიდი ბრიტანეთია. შარშან შეერთებეულმა შტატებმა 11.5 მილიონი ჰექტოლიტრი ღვინო შეისყიდა. მესამე ადგილზე საფრანგეთია, რომელმაც 6,9 მილიონი ჰექტოლიტრის იმპორტი განახორციელა. მსხვილი იმპორტიორების ხუთეულშია ჩინეთიც ,რომელმაც 2018 წელს 6,2 მილიონი ჰექტოლიტრი ღვინო შეიძინა. საინტერესოა, რომ ღვინის იმპორტზე ყველაზე მეტი შეერთებულმა შტატებმა დახარჯა, ექსპერტები ამ ფაქტს იმით ხსნიან რომ შტატები ძირითად აქცენტს ძვირადღირებული ღვინოების იმპორტზე აკეთებს.
რაც შეეხება საქართველოს – 2019 წლის იანვარ-მაისში საქართველოდან მსოფლიოს 39 ქვეყანაში 33,6 მლნ ბოთლი (0,75 ლ) ღვინოა ექსპორტირებული, რაც 2018 წლის ამავე მაჩვენებელს 6%-ით აღემატება. ექსპორტირებული ღვინის ღირებულება 87 მლნ აშშ დოლარს აჭარბებს, რაც 2018 წლის ანალოგიურ მონაცემებს 16%-ით აღემატება.
საინვესტიციო კომპანია „გალტ & თაგარტის“ კვლევის მიხედვით, 2019 წელს მოსალოდნელია სექტორის, დაახლოებით, 10%-იანი წლიური ზრდა. კვლევაში საუბარია, რომ 2013-2018 წლებში ღვინის ექსპორტი არატრადიციულ ბაზრებზე გასამმაგდა. იმის გათვალისწინებით, რომ აზიაში ღვინის მოხმარება საკმაოდ მზარდია, კვლევის ავტორებს მიაჩნიათ, რომ ამ ბაზრებზე ქართული ღვინის ექსპორტი მომდევნო ხუთი წლის განმავლობაში 120 მლნ აშშ დოლარამდე გაიზარდოს.
როგორც კვლევაშია აღნიშნული, 2013-2018 ღვინის ექსპორტიდან მიღებული შემოსავლები
თითქმის გაორმაგდა და, დაახლოებით, 870 მილიონი ლარი შეადგინა. „საქსტატის“ მონაცემებით. ღვინო საქართველოს მე-4, ხოლო ბრენდი მე-8 უმსხვილესი საექსპორტო პროდუქტია. 2018 წელს საქართველომ ღვინისა და ბრენდის ექსპორტიდან 305 მლნ აშშ დოლარის შემოსავალი მიიღო.
საქართველოსთან შედარებით გაცილებით მოკრძალებული მაჩვენებლები აქვთ სომხეთსა და აზერბაიჯანს. გასულ წელს სომხეთმა სოლ 9,4 მილიონი დოლარის, 2 503,3 ათასი ლიტრი ღვინო გაყიდა. სომხური ექსპორტის 79% რუსეთზე მოდის. ოფიციალური მონაცემების თანახმად, 2018 წელს სომხური ღვინის ექსპორტი რუსეთში 14 %-ით შემცირდა. სპეციალისტები ამ ფაქტს სომხური ღვინის დაბალი კონკურენტუნარიანობით ხსნიან. დაახლოებით ანალოგიური მაჩვენებლები აქვს აზერბაიჯანსაც. 2018 წელს აზერბაიჯანული ღვინის ექსპორტმა 8 მილიონი დოლარი შეადგინა. გასაღების მთავარი ბაზარი ამ შემთხვევაშიც რუსეთია. აზერბაიჯანული ღვინის 85% სწორედ რუსეთში იყიდება, 7 %-ით მეორე ადგილზე ჩინეთია. საინტერესოა, რომ გასულ წელს აზერბაიჯანმა მხოლოდ 14 მილიონი ბოთლი ღვინის წარმოება შეძლო. დაახლოებით ანალოგიური მოცულობის ღვინოს აწარმოებს სომხეთიც.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები