სერგო მეთოფიშვილი: სახალხო დამცველის განმარტება ისევ ტენდენციურია
უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების შერჩევის პროცესთან დაკავშირებით სახალხო დამცველის განცხადებას მოსამართლე სერგო მეთოფიშვილი ტენდენციურს უწოდებს.
მეთოფიშვილი შესაბამის პოსტს სოციალურ ქსელში აქვეყნებს.
“სახალხო დამცველის განმარტება ისევ ტენდენციურია!
ვერ ხედავს ან არ უნდა, რომ დაინახოს საკუთარი არაობიექტური მიდგომა…
ამ დროს ამის დანახვა ძალიან მარტივია, კერძოდ:
– სახალხო დამცველი ორივე განცხადებაში ჯიუტად ამბობს, რომ “დარჩენილ ბიულეტენებში ასეთი მაღალი ხარისხის დამთხვევა არ გამოვლენილა…” და ამასთან დაკავშირებით აცხადებს, რომ “პირველ და მესამე ბიულეტენს შორის ემთხვევა 20-დან 11 კანდიდატი” (!?)
ეს არის შენიღბული სიცრუე!!!
სამწუხაროა…
სიმართლე კი ასეთია – მის განცხადებაში მოყვანილი ცხრილის (ბიულეტენების) პირველ გრაფაში აღნიშნულ ბიულეტენში მოხაზულია მხოლოდ 11 კანდიდატი(!); მესამე გრაფაში აღნიშნულ ბიულეტენში მოხაზულია 20 კანდიდატი და მათ შორის 100% -ით დამთხვევაა(!!!), ანუ 11 -ვე კანდიდატი ემთხვევა.
ეს არის სიმართლე! ამის დანახვა არ უნდა სახალხო დამცველს, თუმცა საზოგადოება ამას კარგად ხედავს”, – წერს მეთოფიშვილი.