კაპიტალის ბაზარი – ბანკების ალტერნატივა ბიზნესისათვის
საქართველოში ბიზნესის განვითარებისათვის საჭირო თანხის მოძიება საკმაოდ რთული და შრომატევადი პროცესია. ერთადერთი გზა ბიზნესისათვის ბანკი და სესხია. კონკურენტის არარსებობის გამო, ბანკი სესხს მაღალ პროცენტში გასცემს. ბიზნესი იძულებულია, დათანხმდეს. სპეციალისტების შეფასებით, შედეგად ვიღებთ იმას, რომ ბიზნესი ვერ ვითარდება, პრობლემები აქვს ადგილობრივ წარმოებას.
ეკონომისტები გამოსავალს დამოუკიდებელი კაპიტალის ბაზრის ჩამოყალიბება–განვითარებაში ხედავენ. მათი თქმით, ეკონომიკური განვითარების ერთ–ერთი ქმედითი ბერკეტი ინვესტიციების მოზიდვაა. ინვესტიციების მოზიდვის ყველაზე მიღებულ და პრაქტიკულ ფორმად კი საფონდო ბაზრის მეშვეობით ინვესტიციების ფასიან ქაღალდებში დაბანდება სახელდება.
ეკონომისტების განმარტებით, ამ ყველაფერს ქვეყანაში კაპიტალის ბაზრის განვითარება სჭირდება. თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორის, ვახტანგ ჭარაიას შეფასებით, დღესდღეობით, საფონდო ბირჟა სავალალო მდგომარეობაშია და ამის ერთ-ერთი მთავარი მიზეზი ისაა, რომ მას მართავენ კონკურენტები, ანუ – ბანკები.
სპეციალისტების შეფასებით, პრობლემას ქმნის ის გარემოებაც, რომ ფასიანი ქაღალდების ბაზრის რეგულატორი ეროვნული ბანკია. მათი თქმით, ეროვნული ბანკი თვითონ არის მოვაჭრე და მონაწილე ფასიანი ქაღალდების ბაზრისა, ამავდროულად, ის არის საკრედიტო ინსტიტუტების რეგულატორიც. შედეგად ვიღებთ იმას, რომ ეროვნული ბანკი მხოლოდ საბანკო სექტორის დახმარებასა და განვითარებაზე ზრუნავს.
სპეციალისტების დიდი ნაწილის, მათ შორის – ჭარაიას შეფასებით, თუ ვითარება არ შეიცვალა, ფინანსური რესურსების ალტერნატიული წყარო ბიზნესისათვის კიდევ დიდხანს ვერ შეიქმნება; შესაბამისად, ვერ განვითარდება ბიზნესი და მთლიანად ეკონომიკა.
სად არის გამოსავალი? საექსპერტო წრეების თვალსაზრისით, ფასიანი ქაღალდების ზედამხედველობა უნდა გამოვიდეს ეროვნული ბანკიდან და შეიქმნას ცალკე სტრუქტურის სახით, როგორც ეს, პრაქტიკულად, ყველა წამყვანი ეკონომიკის ქვეყანაშია. მათი თქმით, აუცილებელია, რომ კომერციული ბანკები, როგორც ინტერესთა კონფლიქტის მატარებელი მხარე, გავიდნენ საფონდო ბირჟის თანამფლობელობიდან.
კაპიტალის ბაზრის სპეციალისტი, ვახტანგ სვანიძე არსებული საკანონმდებლო ხარვეზების გამოსწორების აუცილებლობაზე საუბრობს. მისი თქმით, აუცილებელია, რომ კანონმდებლობაში დაბრუნდეს ჩანაწერი, რომელის თანახმადაც ფასიანი ქაღალდებით ვაჭრობა მხოლოდ საფონდო ბირჟაზე იყო შესაძლებელი.
სპეციალისტების განმარტებით, თავის დროზე ბანკებსა და კაპიტალის ბაზარს შორის კონკურენტული, ჯანსაღი და ცივილური ურთიერთობის ფორმირება ამერიკის შეერთებული შტატების ხელისუფლებამ სწორედ კანონში სპეციალური ჩანაწერით შეძლო. იქაური კანონის მიხედვით, ბანკებს კაპიტალის ბაზარზე ერთგვარი ლიმიტი დაუწესდათ – ფასიანი ქაღალდების ბაზრის ინფრასტრუქტურაში საბანკო წილი 50%-ზე მეტი არ უნდა ყოფილიყო. როგორც სპეციალისტები აცხადებენ, ამგვარი ჩანაწერი ამერიკელი ექსპერტების რჩევით საქართველოშიც არსებობდა, თუმცა ეს შეზღუდვა 2008 წელს გაუქმდა. სპეციალისტების თქმით, სწორედ ამის შემდეგ იყიდეს ბანკებმა მთელი საფონდო ინფრასტრუქტურა.
საქართველოში საფონდო ბირჟა აშშ-ის განვითარების სააგენტოსა და “ბარენც ჯგუფის” ხელშეწყობითა და დაფინანსებით 2000 წელს შეიქმნა. მაშინვე მომზადდა კანონი „ფასიანი ქაღალდების ბაზრის შესახებ“. 2004 – 2008 წლებში ქვეყანაში 42 საბროკერო კომპანია არსებობდა, თუმცა, 2008 წლიდან ამოქმედებული ახალი წესების გამო, მათი რიცხვი, ფაქტობრივად, განახევრდა.