შოთა გულბანი: ინვესტორებმა მრავალი მილიონით იზარალეს, ეს არის შეცდომაში საზოგადოების ფართო მასების შეყვანის მცდელობა სიტუაციის გასამძაფრებლად, ვითომ, კატასტროფა ხდება
“ახალგაზრდა ფინანსისტთა და ბიზნესმენთა ასოციაციის” ხელმძღვანელი, შოთა გულბანი სოციალურ ქსელში “თიბისი ბანკის” აქციების შესახებ საკუთარ მოსაზრებას ავრცელებს და წერს, რომ „თიბისი ბანკის“ აქციებმა დღეს უკვე 9,1%-ით მოიმატა.
მისი თქმით, აქციებზე ფასების ცვლილება ბუნებრივი პროცესია საფონდო ბირჟებზე და, როგორც წესი, ვარდნას აღმასვლა მოსდევს ხოლმე.
„თიბისი ბანკის“ აქციებმა დღეს უკვე 9,1%-ით მოიმატა და, რამდენადაც ბლუმბერგის სავაჭრო პლატფორმიდან ვხედავთ, ზრდის დინამიკა გრძელდება. როგორც წინა პოსტში ვახსენე, აქციებზე ფასების ცვლილება ბუნებრივი პროცესია საფონდო ბირჟებზე და, როგორც წესი, ვარდნას აღმასვლა მოსდევს ხოლმე.
ცნობისთვის, ბიზნესმენი აცხადებს, რომ მისი კომპანიის აქციებზე ფასების ვარდნის გამო ინვესტორებმა მრავალი მილიონით იზარალეს, ეს შეცდომაში არის საზოგადოების ფართო მასების შეყვანის მცდელობა სიტუაციის გასამძაფრებლად, ვითომ, კატასტროფა ხდება.
რეალურად კი ვითარება შემდეგია: ნებისმიერ ინვესტორს, მით უმეტეს, მათ, ვინც ლონდონის საფონდო ბირჟაზე დალისტული კომპანიების აქციებით ვაჭრობენ, აქვს საინვესტიციო პორტფელი, რაშიც სხვადასხვა კომპანიის ფასიან ქაღალდებს აერთიანებს. სწორედ ამ პორტფელის ეფექტური მენეჯმენტით ცდილობს მოგების ზრდას. თუ ხედავს, რომ პორტფელში შემავალი რომელიმე კომპანიის აქციებზე ფასები ვარდება, მას თადარიგი აქვს წინასწარ დაჭერილი და ამ აქციას მალევე გაყიდის, მაგრამ, რა თქმა უნდა, არ გაყიდის იმაზე ნაკლებ ფასად, ვიდრე შეისყიდა. თუ ინვესტორი იმგვარ ვითარებაში აღმოჩნდა, რომ აქციებზე ფასები მოულოდნელად დაეცა, ის, სულ მინიმუმ, დაელოდება ისეთ მომენტს, როცა აქციის საბაზრო ფასი ერთი ცენტით მაინც გადააჭარბებს შესყიდვის პერიოდში არსებულ ფასს, რომ წაგებაში არ დარჩეს.
უფრო მარტივად რომ ავხსნა: პირობითად, მე თუ კომპანიის ერთი აქცია 10 ლარად შევიძინე და მეორე დღეს აქციის ფასი დაეცა 8 ლარამდე, რა თქმა უნდა, 2 ლარი მინუსში ვარ, მაგრამ ეს იმ შემთხვევაში, თუ 8 ლარად გავყიდე, მაგრამ სულელი ხომ არ ვარ, იმაზე ნაკლებ ფასად გავყიდო, ვიდრე ვიყიდე? დავაკვირდები კომპანიის მდგომარეობას, ვნახავ პერსპექტივას და თუ შესწავლილი ფაქტორების შესაბამისად პოზიტიური მოლოდინები მექნება, დაველოდები აქციაზე ფასის ზრდას და მაშინ გავყიდი. „თიბისი ბანკის“ აქციების შემთხვევაშიც იმავე ლოგიკით მოქმედებენ ინვესტორები. იმის მტკიცება, რომ აქციებზე ფასების ვარდნის გამო ინვესტორები დაზარალდნენ, მე ვფიქრობ, არასწორია, ვინაიდან ინვესტორის ზარალი, მეტწილად, დამოკიდებულია მის უნარსა და გამოცდილებაზე, ეფექტურად მართოს საინვესტიციო პორტფელი.
ზოგადად, ცხადია, ფასზე მრავალი ფაქტორი მოქმედებს, პირველ ყოვლისა კი იმ ქვეყნის პოლიტ-კონომიკური ვითარება, სადაც კომპანიაა დაფუძნებული და წარმოდგენილი. ამ მხრივ, ხელისუფლებამ უნდა უზრუნველყოს, პირველ ყოვლისა, ქვეყანაში სტაბილურობა და, რა თქმა უნდა, ეკონომიკური ზრდა“, – წერს შოთა გულბანი “ფეისბუქის” საკუთარ გვერდზე.