სახელმწიფო დეპარტამენტმა წამოიწყო პანელი, რომლის მიზანია ადამიანის უფლებებისა და ბუნებითი სამართლის განხილვა

სახელმწიფო მდივნის მაიკ პომპეოს განცხადება ადამიანის უფლებების საკონსულტაციო კომისიის შექმნის შესახებ, პირველივე დღიდან დაპირისპირების საგანი გახდა.

პომპეოს თქმით, იგი იმედოვნებს, რომ გაუსხვისებელი უფლებების კომისია უზრუნველყოფს 1984 წლის საყოველთაო დეკლარაციის შემდეგ, გაუსხვისებელი უფლებების მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე ფუნდამენტური, ხელახალი განხილვის ინტელექტუალურ საფუძველს.

პანელს უხელმძღვანელებს ჰარვარდის სამართლის სკოლის პროფესორი მერი ენ გლენდონი, რომელიც, ასევე, არის გაეროს 1948 წლის ადამიანის უფლებათა საყოველთაო დეკლარაციის შესახებ წიგნის ავტორი. როდესაც პომპეო ჰარვარდის უნივერსიტეტში სამართალს სწავლობდა, იგი გლენდონის კვლევის ასისტენტი იყო. გლენდონი, ასევე, არის აშშ-ის ყოფილი ელჩი ვატიკანში. მის მიერ ჩატარებული აკადემიური კვლევების გარდა, გლენდონი აბორტის საწინააღმდეგო ხედვებითაა ცნობილი. 1995 წელს, პეკინში ჩატარებულ გაეროს ქალთა შესახებ მსოფლიო კონფერენციაზე, იგი წარმატებით იბრძოდა ადამიანის უფლებების ჩამონათვალში აბორტის მოხვედრის თავიდან ასაცილებლად.

თანამდებობაზე დანიშვნისთვის პომპეოსთვის მადლობის გადახდისას, გლენდონმა განაცხადა – ჩვენ ვცხოვრობთ ისეთ დროს, როცა „ბევრს არასწორად ესმის ადამიანის ძირითადი უფლებები, ბევრი მათ მანიპულირებას ეწევა, ხოლო მსოფლიოში ადამიანის უფლებების ყველაზე მძიმე დამრღვევები მათ იგნორირებას ახდენენ.“

სამოქალაქო უფლებების დამცველმა ზოგიერთმა ჯგუფმა გამოთქვა შეშფოთება, რომ შესაძლოა, ახალი კომისია ერთსქესიანთა ქორწინებისა და აბორტის უფლების შეზღუდვის საშუალება გახდეს. ამერიკული სამოქალაქო თავისუფლების კავშირის (ACLU) ადამიანის უფლებების პროგრამის ხელმძღვანელმა ჯამილ დაკუარმა განაცხადა, რომ ეს არის ადამიანის უფლებების ხელახლა განსაზღვრის და „მარგინალიზებული თემებისთვის სრული უფლებების მინიჭების საქმეში განხორციელებული, მრავალი ათწლეულის განმავლობაში მიღწეული პროგრესის უკან მობრუნების“ მცდელობა.

პანელის პირველადი მონახაზის წარდგენისას (რაც სახელმწიფო დეპარტამენტის შიდა მემორანდუმის მეშვეობით განხორციელდა), მისი შემოთავაზებული თავმჯდომარე იყო პრინსტონის უნივერსიტეტის პროფესორი რობერტ ჯორჯი. იგი ასევე არის ქორწინების ეროვნული ორგანიზაციის თანადამფუძნებელი (ზემოხსენებული ორგანიზაცია ეწინააღმდეგებოდა ერთსქესიან ქორწინებას) და აბორტის საწინააღმდეგო პოზიციის ცნობილი მხარდამჭერი.

სახელმწიფო დეპარტამენტის ერთ-ერთმა წარმომადგენელმა განაცხადა, რომ ჯორჯი არ იქნება კომისიის წევრი და რომ პანელი არ დააფიქსირებს პოზიციას ზემოხსენებულ საკითხებზე.

„ისინი არ გააკეთებენ რაიმე განცხადებებს გეი ქორწინებისა და აბორტის საკითხების შესახებ,“ განაცხადა ოფიციალურმა პირმა, რომელიც კომისიის გეგმების შესახებ ანონიმურობის პირობით გვესაუბრა.

მიუხედავად ამისა, კომისიის საქმიანობა სავარაუდოდ დეტალურ შესწავლას დაექვემდებარება. კომისიის მუშაობის მიზანია „ადამიანის უფლებების დისკუსიის თემაზე ახალი აზრების ისეთ შემთხვევებში წარდგენა, სადაც აღნიშნულმა დისკუსიამ გადაუხვიაბუნებითი სამართლის და ბუნებითი უფლებების პრინციპებს, რაც ჩვენი ქვეყნის დაფუძნებლის პრინციპებს წარმოადგენს,“ – ნათქვამია ფედერალურ რეესტრში, მაისში გამოქვეყნებულგანცხადებაში.

ბუნებითი კანონის — იმ ფილოსოფიის, რომლის მიხედვითაც ყველა ადამიანს გააჩნია გარკვეული უფლებები — ხსენებამ, კანონიერი აბორტის და ერთსქესიანი ქორწინების მხარდამჭერებს შორის განგაში გამოიწვია. ამ ფრაზას იყენებენ ისინი, ვინც ამტკიცებს, რომ ისეთი სოციალური სიკეთეების ადამიანის უფლების სტატუსამდე ამაღლება, როგორიცაა განათლება, ჯანდაცვა და სუფთა წყალი, განაპირობებს ისეთი ძირითადი ადამიანის უფლებების მოწყვლადობას, როგორიცაა სიტყვის თავისუფლება და იმის მოლოდინი, რომ მთავრობები არ აწამებდნენ ადამიანებს.

ნოტრ დამის უნივერსიტეტის პროფესორმა დანიელ ფილპოტმა (რომელიც საწყის ეტაპზე კომისიის პოტენციური წევრად მოიხსენიებოდა) განაცხადა, რომ ბუნებითი კანონი ასახავს იმ შიშს, რომლის მიხედვითაც ადამიანის უფლებები რელსებიდან გადავიდა — ამას კი ნაწილობრივ განაპირობებს აბორტის საკითხი და ქორწინების უფლების მოთხოვნა.

„საქმე იმაშია, რომ ადამიანის უფლებებთან დაკავშირებული ეს მოთხოვნები არ ეფუძნება ბუნებით კანონს ან ადამიანის პერსონალურ ჭეშმარიტებას,“ – თქვა მან. „გარკვეულ წილად, ეს წარმოადგენს ადამიანის უფლებების მიმართ განხორციელებულ ცრუ მოთხოვნებს. ეს აკნინებს ზოგადად ადამიანის უფლებათა საქმეს. რატომ უნდა განვავითაროთ ადამიანის სხვა უფლებები, თუ ადამიანის უფლებები შეიძლება იყოს ნებისმიერი რამ, რასაც მხარს უჭერს ერთი ფრაქცია თუ პარტია?“

გასულ თვეს, ხუთმა დემოკრატმა სენატორმა პომპეოს მიწერა წერილი, რომელშიც მათ გამოხატეს შეშფოთებ კომისიის მიერ ბუნებითი კანონის შესახებ გაკეთებულ აქცენტზე. მათი შეფასებით, ეს არის „ტერმინი, რომელიც ხანდახან ასოცირდება მოსახლეობის მარგინალიზებული ნაწილის მიმართ განხორციელებულ დისკრიმინაციასთან.“

განმეორებითი შეფასების მხარდამჭერები აცხადებენ, რომ იმის აღქმა, თუ რას წარმოადგენს ადამიანის უფლება, შეიცვალა იმ დროის მერე, როდესაც მნიშვნელოვანი შეშფოთების გამოსაწვევად საჭირო იყო ისეთი, მასშტაბური სასტიკი მოპყრობის მაგალითები, როგორიც იყო გულაგები, ანაპარტეიდი. პომპეომ თითქოს მხარი დაუჭირა ამ ხედვას, როცა მან განაცხადა, რომ კომისია დასვამდა ყველაზე ძირითად შეკითხვებს.

„რას ნიშნავს იმის თქმა ან მტკიცება, რომ რაღაც მართლაც წარმოადგენს ადამიანის უფლებას?“ — განაცხადა მან. „საიდან ვიცით, ან როგორ უნდა განვსაზღვროთ, არის თუ არა ეს ადამიანის უფლება? წარმოადგენს თუ არა ეს სიმართლეს და, მაშასადამე, არის თუ არა ეს პატივსაცემი?“

კომისია შედგება ყველა პოლიტიკური აღმსარებლობის წარმომადგენელი ექსპერტების, ფილოსოფოსების და ადამიანის უფლებათა აქტივისტებისგან. პომპეომ განაცხადა, რომ მათი განხილვები დაეფუძნება ქვეყნის „დამფუძნებელ პრინციპებს,“ მათ შორის იმ პრინციპებს, რომლებიც შედის გაეროს დოკუმენტში ადამიანის უფლებების შესახებ.

„გარკვეულ დროში ერთხელ, საჭიროა გვერდზე გავდგეთ და სერიოზულად დავფიქრდეთ იმაზე, თუ სად ვიმყოფებით, რა გზა გამოვიარეთ და მივდივართ თუ არა სწორი მიმართულებით,“- თქვა მან.

პომპეომ მწუხარება გამოთქვა ადამიანის უფლებათა მიმდინარე დარღვევებთან დაკავშირებით, რაც დეკლარაციის შემუშავებიდან სამოცდაათი წლის გასვლის შემდეგაც კი ხორციელდება. მან თქვა, რომ იმ მრავალეროვანმა ინსტიტუტებმა, რომლებიც ადამიანის უფლებებს უნდა იცავდნენ, აჩვენეს, რომ ისინი ვერ უმკლავდებიან ამ დავალებას იმის ფონზე, რომ ბუნდოვანია, თუ ზუსტად რა წარმოადგენს ადამიანის უფლებას.

„მაშასადამე, ჩვენ უნდა ვიყოთ ფხიზლად და უზრუნველვყოთ, რომ არ მოხდეს ადამიანის უფლებების შესახებ დისკუსიის დამახინჯება, მიტაცება, ან საეჭვო თუ არაკეთილსინდისიერი მიზნებისთვის გამოყენება,“ – განაცხადა მან.

კომისია მიიღებს ინფორმაციას სახელმწიფო დეპარტამენტის დემოკრატიის, ადამიანის უფლებების და შრომის ბიუროსგან (DRL), რომელიც უკვე აქვეყნებს ყოველწლიურ ანგარიშებს. ეს ანგარიშები შეიცავს სხვადასხვა ქვეყნების ადამიანის უფლებების და რელიგიური თავისუფლების რეიტინგებს. კრიტიკოსები დაინტერესდნენ, ხელს შეუშლის თუ არა მოხალისეთა პანელი ზემოხსენებული ბიუროს მუშაობას, რომელიც უკვე ოთხ ათწლეულზე მეტია რაც აყენებს მოძალადე მთავრობების პასუხისმგებლობის საკითხს.

„ჩვენ არ გვჭირდება ეს კომისია,“ – თქვა მაიკლ პოზნერმა, რომელიც 2009-2013 წლებში იკავებდა აშშ-ის სახელმწიფო მდივნის დემოკრატიის, ადამიანის უფლებებისა და შრომის საკითხებში მოადგილეს თანამდებობას. „ჩვენ გვჭირდება, რომ აშშ-ის მთავრობამ, სახელმწიფო მდივანმა და პრეზიდენტმა დაიცვან ადამიანის უფლებების უკვე მიღებული, საერთაშორისო სტანდარტები.“

ადამიანის უფლებათა თანამედროვე კანონმდებლობა ეფუძნება რელიგიურ კონცეფციებს, ისევე როგორც გამოცდილებას. ძირითადი პრინციპების დიდი ნაწილი წარმოადგენს კონსტიტუციის და უფლებათა ბილის ნაწილს, რომლებიც, თავის მხრივ, წარმოადგენდნენ მეორე მსოფლიო ომის და ჰოლოკოსტის შემდეგ მიღებული ადამიანის უფლებათა საყოველთაო დეკლარაციის საფუძველს.

კათოლიკური უნივერსიტეტის ადამიანის უფლებათა მკვლევარმა უილიამ სონდერსმა (ვისი სახელიც ასევე ნახსენები იყო კომისიის პოტენციურ კანდიდატთა შორის) თქვა, რომ მიზანშეწონილია ისეთი ექსპერტების აზრის მოსმენა, რომლებიც მთავრობისგარეთ მუშაობენ.

„მე ვიფიქრებდი, რომ საყოველთაო დეკლარაცია იქნებოდა ახალი კომისიის მსჯელობის გზამკვლევი და მისი მაფორმირებელი,“ – განაცხადა მანელექტრონული ფოსტის მეშვეობით.

პომპეოს უსაუბრია ზოგიერთ ქვეყანაში მიმდინარე ადამიანის უფლებების დარღვევებზეც, მათ შორის — უიღური მუსულმანების და პატიმრებებზე ჩინეთში, ირანის დამოკიდებულებაზე რელიგიური და ეთნიკური უმცირესობების მიმართ და კუბის და ვენესუელის რეპრესიულ პოლიტიკაზე.

„დასავლური ცივილიზაციის განმასხვავებელი ნიშანია ადამიანების თანდაყოლილი ღირებულების აღიარება და ღმერთის მიერ შექმნილი უფლებების და თავისუფლებების თანმხლები პატივისცემა,“ – თქვა პომპეომ კლერმონტის ინსტიტუტში, მაისში ჩატარებული გამოსვლისას. „დეკლარაცია მართლაც ამბობს, რომ „ყველა ადამიანი იბადება თანასწორი“. ჩვენ უნდა დავეხმაროთ ქვეყნებს ამ პირველადი საკითხების, მათ შორის – ადამიანის უფლებების დაცვაში“.

თუმცა, კრიტიკოსები მას იმისთვისაც აკრიტიკებენ, რომ მან მეტი არ ისაუბრა ამერიკის შეერთებული შტატების მიმართ მეგობრულად განწყობილი მთავრობების მიერ ჩადენილი დარღვევების შესახებ. განსაკუთრებული შეშფოთების საგანია ადმინისტრაციის პასუხი საუდის არაბეთის მოქალაქის, ჟურნალისტ ჯამალ ხაშოგის შარშანდელ მკვლელობასთან დაკავშირებით.

„როდესაც ბატონ ხაშოგის კლავენ თურქეთში და ჩვენ ვიცით, რომ საქმეში ჩართულია საუდის არაბეთის ერთ-ერთი უფროსი ლიდერი, ტახტის მემკვიდრე პრინცი, ჩვენ ამის შესახებ რაიმეს უნდა ვამბობდეთ,“ განაცხადა DRL-ის ყოფილმა ხელმძღვანელმა პოზნერმა. „როდესაც ფილიპინების მთავრობა სიკვდილით სჯის ათასობით ადამიანს, ჩვენ ამის შესახებ რაიმეს უნდა ვამბობდეთ. როდესაც თურქეთი უარს ამბობს თავისუფალ პრესაზე, ჩვენ ამის შესახებ რაიმეს უნდა ვამბობდეთ.

„სწორედ ესაა დიპლომატია,“- თქვა მან. „ეს არის ის, რასაც DRL-ი აკეთებდა 40-ზე მეტი წლის განმავლობაში. ის აზრი, რომლის მიხედვითაც ჩვენ გვჭირდება ახლებური ფიქრი, ან არსებული პრინციპების შესწორება თუ გადახედვა, ეწინააღმდეგება ამ ისტორიასა და გამოცდილებას.“

ავტორი: ქეროლ მორელო

წყარო: washingtonpost.com

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები