მოსკოვში ალექსეი ნავალნისთან მკურნალ ექიმს შეუშვებენ – ახლობლები ეჭვობენ, რომ პოლიტიკოსი მოწამლულია
რუსეთში ოპოზიციონერ პოლიტიკოსთან ალექსეი ნავალნისთან, წინასწარი დაკავების იზოლატორში მის მკურნალ ექიმს, ანასტასია ვასილიევას შეუშვებენ. ამის შესახებ ექიმმა სოციალურ ქსელში დაწერა. „ვაშა! მივიღე ინფორმაცია, რომ ალექსეისთან შემიშვებენ, მომეცემა შესაძლებლობა, ის გავსინჯო. ახლა მასთან წავალთ. არც კი მჯერა“, – დაწერა ექიმმა. მანამდე კი ანასტასია ვასილიევამ განაცხადა, რომ ნავალნის თმასა და მაისურს დამოუკიდებელ ექსპერტიზაზე გაგზავნიან, შესაძლოა, ევროპაშიც. ალექსეი ნავალნი, რომელიც 24 ივლისს საკუთარ სახლთან დააკავეს, 28 ივლისს მწვავე ალერგიული რეაქციით საავადმყოფოში გადაიყვანეს. როგორც 64-ე საქალაქო საავადმყოფოს თერაპიული განყოფილების ექიმმა, ელდარ კაზახმედოვმა განაცხადა, ნავალნის დაუდგინდა დიაგნოზი – „ალერგიული რეაქცია”. მისი თქმით, პოლიტიკოსის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია. თუმცა, ამ დიაგნოზში ეჭვი ნავალნის მკურნალ ექიმს შეაქვს, რომელიც ამბობს, რომ პოლიტიკოსის ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესება, შესაძლოა, „დაუდგენელ ქიმიურ ნივთიერებას“ გამოეწვია. მისი თქმით, ნავალნის არასდროს ჰქონია ალერგია.