30-წუთიანი ბრძოლა სიცოცხლისთვის – თბილისში სამედიცინო ბრიგადამ ბავშვის სიცოცხლე იხსნა
თბილისში სამედიცინო ბრიგადამ უგონო მდგომარეობაში მყოფი ბავშვის სიცოცხლე იხსნა.
შესაბამის ინფორმაციას გვერდი – “შენი სიცოცხლის გადასარჩენად” ავრცელებს
“30-წუთიანი ბრძოლა სიცოცხლისთვის.
ღამის 03:45 საათი, თბილისის მე-8 რაიონის სამსახურის 0834 ბრიგადამ გამოძახება მიიღო, ბავშვი – უგონო მდგომარეობაში.
ვინაიდან ზარის ინიციატორი უცხოენოვანი იყო, პაციენტის მდგომარეობის შესახებ, ინფორმაცია ბუნდოვანი გახლდათ. თითოეულ წამს კი გადამწყვეტი მნიშვნელობა ჰქონდა. ბრიგადა გამოძახების ადგილზე სულ რაღაც 4 წუთში მივიდა. სახლში სრული პანიკა იყო.
პარამედიკოს მერაბ პაპავასა და ბრიგადის წევრებს საწოლზე უგონოდ მწოლიარე ბავშვი დახვდათ სიცოცხლის არცერთი ნიშანი, მონიტორზე ასისტოლია დაფიქსირდა. დრო დასაკარგი არ იყო და დაიწყო 30 წუთიანი ბრძოლა სიცოცხლისთვის.
ბრიგადის წევრებმა წამებში შეაფასეს პაციენტის მდგომარეობა და პროტოკოლით გათვალისწინებული რეანიმაციული ღონისძიებები დაიწყეს.
ვენაში კათეტერის ჩადგმა შეუძლებელი იყო, ამიტომ გამოყენებულ იქნა ძვალშიდა კათეტერი, პაციენტს ჩაუდგეს ლარინგეალური მილი და ბრძოლა პატარა სიცოცხლისთვის გაგრძელდა.
30 წუთიანი რეანიმაციის შემდეგ მონიტორზე სინუსური რითმი გამოჩნდა, პერიფერიაზე გაჩნდა პულსი, სიცოცხლე დაბრუნდა. პაციენტი მართვითი სუნთქვითა და სტაბილური ჰემოდინამიკური მაჩვენებლებით თბილისის ერთ-ერთ კლინიკაშია გადაყვანილი.
პარამედიკოსი მერაბ პაპავა თქმით, მისი ბრიგადის უმცროსი ექიმისა და ბრიგადის მძღოლის სწრაფმა რეაგირებამ, პროფესიონალიზმმა და კოორდინირებულმა გუნდურმა მუშაობამ გადამწყვეტი როლი ითამაშა პატარა პაციენტის სიცოცხლის გადარჩენაში.
მერაბ პაპავა დღემდე ინტერესდება პატარა პაციენტის მდგომარეობით. როგორც მან აღნიშნა, ბიჭუნა კვლავ კლინიკაში რჩება, თუმცა უკვე გაცილებით უკეთ გრძნობს თავს”, – წერია ინფორმაციაში