NMG დეფიციტური ტექნიკური პროფესიების მხარდასაჭერად კოლეჯ „სპექტრთან“ თანამშრომლობას იწყებს
NMG-სა (ნიკორა მენეჯმენტ ჯგუფი) და კოლეჯ „სპექტრს“ შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა. თანამშრომლობა მიზნად ისახავს ახალგაზრდებისთვის დეფიციტურ და მოთხოვნად ტექნიკურ პროფესიებში განათლების მხარდაჭერასა და დასაქმების შესაძლებლობების გაძლიერებას.
ახალი საგანმანათლებლო ინიციატივის ფარგლებში, კოლეჯში სწავლება რეალურ საწარმოო გამოცდილებას დაუკავშირდება, რაც სტუდენტებს მისცემს შესაძლებლობას, თეორიული ცოდნა პრაქტიკაში გარდაქმნან. რამდენიმე სტუდენტი, სწავლის პარალელურად, პრაქტიკას NMG-ის შვილობილ კომპანიებში გაივლის მათთვის მისაღები მოქნილი სამუშაო გრაფიკით.
სტუდენტები მიიღებენ:
• პრაქტიკულ სამუშაო გამოცდილებას;
• სტიპენდიას;
• სამუშაო საათებში უფასო ლანჩს;
როგორც NMG-ში განმარტავენ, სწავლის დასრულების შემდეგ, სტუდენტებს, სურვილის შემთხვევაში, სრულ განაკვეთზე დასაქმების შესაძლებლობა ექნებათ.
NMG-ის გენერალური დირექტორის მოადგილე,
დავით ურუშაძე ამბობს, რომ
პროფესიული განათლების მხარდაჭერა და ახალგაზრდებისთვის რეალური დასაქმების გზების შექმნა ქვეყნის მდგრადი განვითარების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი საფუძველია.
„გვჯერა, რომ პროფესიული განათლებისა და ბიზნესის თანამშრომლობა ქმნის ისეთ შესაძლებლობებს, რომლებიც ახალგაზრდებისთვის კარიერულ გზას უფრო ხელმისაწვდომს და პრაქტიკულს ხდის. პროფესიული განათლების მხარდაჭერა და ახალგაზრდებისთვის რეალური დასაქმების გზების შექმნა ქვეყნის მდგრადი განვითარების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი საფუძველია“, – აცხადებს NMG-ის გენერალური დირექტორის მოადგილე, დავით ურუშაძე.
კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობის ფარგლებში NMG-მ წლების განმავლობაში არაერთი მნიშვნელოვანი პროექტი განახორციელა განათლების, გარემოს დაცვისა და შრომითი უფლებების მიმართულებით. კომპანია განსაკუთრებულ მნიშვნელობას ანიჭებს იმ პროფესიების მხარდაჭერას, რომლებზეც დღეს შრომის ბაზარზე მაღალი მოთხოვნაა. მათ შორისაა ტექნიკური სპეციალობები, რაც საწარმოო და ტექნოლოგიური პროცესების მართვისთვის კრიტიკულად მნიშვნელოვანია.