ლადო სადღობელაშვილი პრეზიდენტის მეუღლის აშშ-ში ვიზიტის მიზანმიმართულ გაუფასურებაზე: ეს ამბავი ბევრად უფრო ღრმაა, ვიდრე ოპოზიციის მიერ ერთი ვიზიტის „გაფუჭების“ მცდელობა, აქ რეალურად რამდენიმე პარალელური პროცესი მიმდინარეობს – შიდა პოლიტიკური ბრძოლა, საგარეო სიგნალები და მარგინალური ოპოზიციის ანტისახელმწიფოებრივი ქმედება
თუ ცივად და სტრატეგიულად შევხედავთ, ეს ამბავი ბევრად უფრო ღრმაა, ვიდრე ოპოზიციის მიერ ერთი ვიზიტის „გაფუჭების“ მცდელობა. აქ რეალურად რამდენიმე პარალელური პროცესი მიმდინარეობს – შიდა პოლიტიკური ბრძოლა, საგარეო სიგნალები და მარგინალური ოპოზიციის ანტისახელმწიფოებრივი ქმედება, – ასე ეხმიანება ანალიტიკოსი ლადო სადღობელაშვილი თამარ ბაგრატიონის აშშ-ში ვიზიტის ირგვლივ ატეხილ აჟიოტაჟს.
როგორც მან აღნიშნა, საერთაშორისო ურთიერთობებში მსგავსი ტიპის ვიზიტები შემთხვევით არ ხდება – ეს არის პირდაპირი სიგნალი, რომ არსებობს კომუნიკაცია, არსებობს ინტერესთა გადაკვეთა და არსებობს ურთიერთობის შენარჩუნების სურვილი.
“ბოლო დღეებში აშკარაა, როგორ ცდილობს ოპოზიციის ნაწილი პრეზიდენტის მეუღლის აშშ-ში ვიზიტის მიზანმიმართულ გაუფასურებას – მიუხედავად იმისა, რომ ეს ვიზიტი განხორციელდა მელანია ტრამპ-ის მიწვევით და რაც ყველაზე საინტერესოა ამ თემის აქტუალურობა საეჭვოდ არ იკარგება! თითქოს “ვიღაცა” სერიოზულად გაღიზიანდა აღნიშნული ვიზიტით და ამ ვიზიტის დინამიური შედეგებით.
თუ ცივად და სტრატეგიულად შევხედავთ, ეს ამბავი ბევრად უფრო ღრმაა, ვიდრე ოპოზიციის მიერ ერთი ვიზიტის „გაფუჭების“ მცდელობა. აქ რეალურად რამდენიმე პარალელური პროცესი მიმდინარეობს – შიდა პოლიტიკური ბრძოლა, საგარეო სიგნალები და მარგინალური ოპოზიციის ანტისახელმწიფოებრივი ქმედება.
საერთაშორისო ურთიერთობებში მსგავსი ტიპის ვიზიტები შემთხვევით არ ხდება. მითუმეტეს მაშინ, როდესაც საქმე ეხება ისეთ ფიგურას, როგორიც არის აშშ-ს პრეზიდენტის ოჯახის წარმომადგენელი. ეს არის პირდაპირი სიგნალი, რომ არსებობს კომუნიკაცია, არსებობს ინტერესთა გადაკვეთა და არსებობს ურთიერთობის შენარჩუნების სურვილი.
სრულიად ლოგიკურ ჯაჭვს ვხედავთ: ვიზიტები, კონტაქტები, კომუნიკაციის გააქტიურება და პარალელურად მაღალი დონის ფიგურების ჩართულობა, მათ შორის ორიოდე დღის წინ საქართველოს პრემიერის ირაკლი კობახიძეს და აშშ-ს სახელმწიფო მდივნის მარკო რუბიო-ს კომუნიკაცია. ეს ყველაფერი მიუთითებს ერთზე – საქართველო-აშშ ურთიერთობაში მიმდინარეობს დინამიკა და არა ვაკუუმი!
სწორედ ამ ფონზე იწყება ვიზიტის დაკნინების მცდელობა. რატომ? იმიტომ, რომ შიდა პოლიტიკაში მთავარი ბრძოლა აღარ არის მხოლოდ იდეოლოგიური – ეს არის ლეგიტიმაციის ბრძოლა: ვინ წარმოადგენს საქართველოს დასავლეთში?
რას ცდილობენ “ექსტრემისტები”: თუ საზოგადოებაში დამკვიდრდება აზრი, რომ: „ეს ვიზიტი არაფერს ნიშნავს“ თუ ოპოზიცია მაქსიმალურად გააუფასურებს და დააკნინებს საქართველოს პირველი ლედის ვიზიტს აშშ-ში მაშინ ნებისმიერი შედეგიც ავტომატურად დაკნინდება.
როდესაც ვერ აკონტროლებ პროცესს, იწყებ მის დისკრედიტაციას. ეს არის კლასიკური პოლიტიკური ტაქტიკა:
თუ ვერ აფერხებ – დააკნინე.
თუ ვერ ითვისებ – გააუფასურე
მაგრამ აქ უკვე სხვა პრობლემა ჩნდება – როდესაც შენ მიზანმიმართულად ამცირებ ქვეყნის საერთაშორისო აქტივობის მნიშვნელობას, შენ აღარ ებრძვი კონკრეტულ პოლიტიკურ ფიგურას ან ჯგუფს – შენ მიზანმიმართულად აზიანებ სახელმწიფოს ინტერესს. სამწუხაროდ დღევანდელ მარგინალურ და ექსტრემისტულ ოპოზიციას ეს გზა აქვს არჩეული!
✅ ხშირად გვესმის ფრაზა: „ეს არაფერს ნიშნავს“. რეალურად კი საერთაშორისო პოლიტიკაში სწორედ ასეთი „არაფორმალური“ კონტაქტები ქმნის საფუძველს დიდი გადაწყვეტილებებისათვის. ურთიერთობები არ იწყება ხელშეკრულებით – იწყება კომუნიკაციით.
დღეს რაც ჩანს, არის პროცესის საწყისი ფაზა- სიგნალები, კონტაქტები და ფრთხილი ნაბიჯები გადატვირთვისთვის. ის რაზედაც დიდ მზაობას აცხადებდა საქართველოს პრემიერი და ხმამაღალ სიგნალს აგზავნიდა აშშ-ში! იმის უარყოფა, რომ პროცესი მიმდინარეობს – უბრალოდ რეალობის იგნორირებაა.
რა მეტყველებს დადებითზე:
– კომუნიკაციის არხები არ არის დახურული
– პერიოდულად ჩნდება მაღალი დონის კონტაქტები
– აშშ-სთვის საქართველო ისევ სტრატეგიული რეგიონია
საბოლოოდ, არჩევანი ისევ მარტივია:
– ან ვუყურებთ მსგავს ვიზიტებს, როგორც ქვეყნის შესაძლებლობას
ან ვაქცევთ მას შიდა პოლიტიკური დაპირისპირების იარაღად. სამწუხაროდ, “მარგინალები” – ოპოზიციის ნაწილმა ამჯერად მეორე გზა აირჩია.
ვიმეორებ ეს არ არის მხოლოდ პოლიტიკა – ეს არის სახელმწიფოს ინტერესის საკითხი.
Ps და ბოლოს მინდა კონკრეტულ ფაქტზე გავამახვილო ყურადღება და ერთი ფრაზით გამოვეხმაურო პირველი ლედის მღელვარებას, რაც ოპოზიციონერმა ჭინკებმა ხელზე დაიხვიეს და უთავმოყვარეოდ ტირაჟირებენ ამ თემის ირგვლივ . მე არ ვაპირებ ადვოკატობას ან ფსიქოლოგიური პორტრეტის აგებას უბრალოდ გეტყვით:
“ვინც თქვენს შორის უცოდველია, პირველად იმან ესროლოს ქვა”
(იოანე 8:7)
“ნუ განიკითხავთ, რათა არ განიკითხნეთ… რასა ჰხედავ წუელსა თვალსა შინა ძმისა შენისასა…
მათე 7, 1-4″, – წერს ლადო სადღობელაშვილი.