“რუსეთის პრეზიდენტი ფსკერზეა” – მოსკოველი ბლოგერი მოსკოვში მიმდინარე პროცესებზე (ფოტოკოლაჟი)
მოსკოველი ბლოგერი და ფოტოგრაფი ოლეგ შარანი რუსეთის დედაქალაქში მიმდინარე საპროტესტო აქციას სოციალურ ქსელში ვრცელი პოსტით ეხმაურება და დაპირისპირების ამსახველ ფოტომასალასაც აქვეყნებს.
როგორც ოლეგ შარანი წერს, საპროტესტო აქციამ შვიდწლიანი რეკორდი მოხსნა – დაკავებულია 1370 ადამიანი, პროტესტის გამოსახატად კი მოსკოვში 10 000 ადამიანი გამოვიდა.
” მოხსნილია ბოლო შვიდი წლის რეკორდი. დაკავებულია 1373 ადამიანი, იმ 10 000-დან, რომელიც მოსკოვის ქუჩაში პროტესტით გამოვიდა”, -აცხადებს ოლეგ შარანი.
ბლოგერი რუსეთის დედაქალაქის მერის გულგრილ დამოკიდებულებასაც უსვამს ხაზს და აღნიშნავს, რომ როცა ქალაქში ადამიანებს სასტიკად უსწორდებიან, მოსკოვის მერი ფესტივალს სტუმრობს.
,, და რას აკეთებს ქალაქის მერი იმ დროს, როცა ქუჩაში, ზაფხულის მშვენიერ დღეს, სასტიკად უსწორდებიან ყველა ასაკისა და სქესის მოქალაქეებს, რომლებიც მხოლოდ იმიტომ გამოვიდნენ, რომ თავიანთი აზრი გამოხატონ, რის უფლებასაც მათ თითქოსდა, ქვეყნის კონსტიტუცია აძლევს? ქალაქის მერი რუსული სამზარეულოს მიღწევებით ტკბება და გორკის პარკში კულინარიულ ფესტივალს სტუმრობს”, – წერს შარანი.
მისივე თქმით, ქვეყნის პრეზიდენტი – ვლადიმერ პუტინი უკვე ფსკერზეა.
“ქვეყნის პრეზიდენტი კი უკვე ფსკერზეა, ამ სიტყვის პირდაპირი გაგებით”, – აცხადებს ოლეგ შარანი.