ირაკლი ოქრუაშვილს, გიორგი ჯავახიშვილსა და თორნიკე დათაშვილს პატიმრობა შეეფარდათ

„გამარჯვებული საქართველოს“ ლიდერს, ირაკლი ოქრუაშვილს სასამართლომ აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობა შეუფარდა. ასევე პატიმრობა შეეფარდა კიდევ ორ პირს – გიორგი ჯავახიშვილსა და თორნიკე დათაშვილს.​
ცნობისათვის, ბრალდებულ გიორგი ჯავახიშვილის ადვოკატმა სამი ათას ლარიანი გირაოს შეფარდების შუამდგომლობა დააყენა. კიდევ ერთი ბრალდებულის, თორნიკე დათაშვილის ადვოკატმა კი, სასამართლოს აღკვეთის გარეშე დატოვების შუამდგომლობით მიმართა. ასევე, აღკვეთის ღონისძიების გარეშე დატოვებას ითხოვდა თავისი დაცვის ქვეშ მყოფის მიმართ ირაკლი ოქრუაშვილის ადვოკატი.
ირაკლი ოქრუაშვილი სსკ-ის 225-ე მუხლის პირველი და მეორე ნაწილებით არის დაკავებული, რაც ჯგუფური ძალადობის ორგანიზებას, ხელმძღვანელობას ან მასში მონაწილეობას გულისხმობს. საქმე ეხება 20-21 ივნისის მოვლენებს. ამავე საქმეზე არიან დაკავებული გიორგი ჯავახიშვილი და თორნიკე დათაშვილი.
გამოძიების ინფორმაციით, პარლამენტის შენობაზე მიტანილი ძალადობრივი შტურმის დროს, ირაკლი ოქრუაშვილი, თანმხლებ პირებთან ერთად, მოუწოდებდა აქციის მონაწილეებს და თავადაც ცდილობდა პარლამენტის შენობაში ძალადობრივ შეჭრას. 20-21 ივნისის მოვლენების საქმეზე სულ 19 პირია დაკავებული.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები