Euronews-ი: საქართველოს, ელექტრონული ავტომობილების წარმოებით, ევროკავშირში შანსები ეზრდება
“ქუთაისი იმედოვნებს, რომ ავტომობილების გლობალურ წარმოებაში მოწინავე იქნება ელექტრონული ავტომობილების საწარმოს გახსნის შემდეგ, რომელიც წელიწადში 4 000 მანქანის გამოშვებას გეგმავს”, – ამის შესახებ Euronews-ი წერს, რომელიც საქართველოში ელექტრომობილების წარმოების დაწყებას ვრცელ სტატიას უძღვნის.
პუბლიკაციაში აღნიშნულია, რომ პროექტი საქართველოს სამრეწველო ჰოლდინგ „აი ჯგუფის” და ჩინეთის სახელმწიფო მფლობელობაში არსებული მანქანათმშენებელი კორპორაცია „ჩანგანის” ინვესტიციით ხორციელდება, რომელიც მსოფლიოში ავტომობილების ისეთი უმსხვილესი მწარმოებლების პარტნიორია, როგორებიცაა: „ფორდი”, „ფოლკსვაგენი”, „ვოლვო”, „მაზდა” და „სუზუკი”.
საქართველოს პრემიერ-მინისტრი მამუკა ბახტაძე პროექტს ენთუზიაზმით უყურებს და აცხადებს, რომ საწარმო ქვეყნის ეკონომიკური განვითარების ისტორიაში ახალ თავს დაწერს.
„მას დადებითი გავლენა ექნება ეროვნული ეკონომიკის სტრუქტურაზე, იმდენად, რამდენადაც 2 000-ზე მეტ სამუშაო ადგილს შექმნის და იმავდროულად, დაგვეხმარება საექსპორტო პოტენციალის გაზრდაში”, – აცხადებს პრემიერი.
არა მხოლოდ საქართველოში, არამედ სამხრეთ კავკასიის რეგიონში პირველი მსგავსი საწარმო ქუთაისში 100 ჰექტარ ფართობზე განლაგდება. საწარმოს გარდა, ტერიტორიაზე იმუშავებს ღებვის და შედუღების საამქროები, ისევე, როგორც მზის ენერგიის პანელების წარმოება. საწყის ეტაპზე, ქარხანა 300 ადამიანს დაასაქმებს, რაც პირველი 18 თვის განმავლობაში, 5 000 მანქანის წარმოებაზეა გათვლილი. დასაქმებულთა რაოდენობა დროთა განმავლობაში გაიზრდება და სამომავლოდ, 20 000 მანქანის ადგილობრივ ბაზარზე რეალიზაცია, ხოლო 20 000 ერთეულის ევროკავშირში ექსპორტი იგეგმება.
სტატიაში ყურადღება გამახვილებულია მწვანე ეკონომიკის კონცეფციაზე, რომლის მნიშვნელოვანი ნაწილი ელექტრომობილების წარმოებაა.
„ქვეყნის პრემიერ-მინისტრი ხაზგასმით აცხადებს, რომ მწვანე ეკონომიკის კონცეფცია ეროვნული ეკონომიკის წამყვანი მამოძრავებელი ძალა იქნება, ხოლო ეკონომიკის მინისტრი ნათია თურნავა ამბობს, რომ პროექტი უნიკალურია ქვეყნისთვის და საქართველოს წარმოაჩენს რეგიონის პიონერად ეკოლოგიისადმი კეთილგანწყობილი მწვანე ტექნოლოგიებისა და ელექტრონული ავტომობილების წარმოებით”, – აღნიშნულია პუბლიკაციაში.
ავტორი ყურადღებას ამახვილებს საქართველოს ევროპულ მისწრაფებებზე, ევროკავშირთან ასოცირებისა და ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის შეთანხმებებზე და ქვეყნის სტრატეგიულ მდებარეობაზე. სტატიაში ასევე ნათქვამია, რომ საქართველო ბოლო წლებში უფრო და უფრო პოპულარული ტურისტული სამიზნე დანიშნულება გახდა.
„დასავლეთიდან სულ უფრო მეტი ადამიანი სტუმრობს ქვეყნის მწვანე მთაგორიან ადგილებს, ეცნობა თბილ და სტუმართმოყვარე ხალხს, ეწაფება უნატიფეს კულინარიასა და ღვინოს, ეზიარება მრავალი საუკუნის განმავლობაში შექმნილ მდიდარ არქიტექტურულ ესთეტიკას. ქუთაისის აეროპორტში დაბალბიუჯეტიანი ფრენებით, ქალაქი მყარად დამკვიდრდა მსოფლიო ტურისტულ რუკაზე. იგივე ითქმის გელათის მონასტერზე, რომელიც 1106 წლიდან იღებს სათავეს და ახლა იუნესკოს მემკვიდრეობის ობიექტად არის აღიარებული. ასევეა მე-11 საუკუნის ბაგრატის ტაძარიც.
მასშტაბური და დინამიკური სასურსათო ბაზარიც დიდად იზიდავს ტურისტებს, მაშინ, როდესაც იქვე, ქუთაისის მახლობლად, პრომეთეს მღვიმეში, მნახველის წინაშე მიწის ქვეშ 22 დარბაზი იშლება”, – წერს Euronews-ი.
სტატია სრულდება ქუთაისის მანქანათმშენებლობით მემკვიდრეობაზე საუბრით, რომელიც სათავეს 1951 წლიდან იღებს.