ბადრი ჯაფარიძე: არ ვეთანხმებით ამ გირაოსაც, რომელიც პროკურატურამ მოითხოვა
“თიბისი ბანკის” ერთ-ერთი დამფუძნებლის, ბადრი ჯაფარიძის განცხადებით, ის და მამუკა ხაზარაძე პროკურატურის მიერ მოთხოვნილ გირაოს არ ეთანხმებიან, რადგან ის მათთვის შეუსაბამო და არაადეკვატურია.
როგორც ჯაფარიძემ სასამართლოს პროცესის დაწყებამდე ჟურნალისტებს უთხრა, ისინი მზად არიან, ყველა იმ პროექტეს ჩამოშორდნენ, რომელშიც წამყვანი როლი ეკავათ. ამის მიზეზად კი “თიბისი ბანკის” დამფუძნებელმა პროექტების დაცვა დაასახელა.
„ჩვენ ვცდილობთ, ვიყოთ თავშეკავებულები ჩვენს განცხადებებში. ვსაუბრობთ იმ ზიანზე, რომელიც ქვეყანას ადგება ასეთი უპასუხისმგებლო ქმედებების გამო. ჩვენ არ ვეთანხმებით ამ გირაოსაც, რომელიც მოითხოვა პროკურატურამ, რადგან სრულიად შეუსაბამოდ და არაადეკვატურად მიგვაჩნია. საუბარია 11 წლის წინანდელ ტრანზაქციაზე, რომელსაც არანაირი საერთო აქვს ფულის გათეთრებასთან, რადგან თეთრი ფულის სესხება არ შეიძლება, ჩაითვალოს ფულის გათეთრებად. ჩვენ ყველაზე ძლიერი იარაღი, რაც გვაქვს, ეს არის სიმართლე და სრული გამჭვირვალობა, ამით უნდა მივაღწიოთ იმას, რომ არ მოხდეს ფაქტებით ან რაიმე გზით ვითარების მანიპულირება. ჩვენთვის მთავარია, მთელ ამ პროცესში საზოგადოებრიობა სრულად იყოს ჩართული, ყველამ იცოდეს, რასთან გვაქვს საქმე, რადგან ჩვენ ვსაუბრობთ ჩვენი ქვეყნის მომავალზე. ეს არ არის მხოლოდ ჩემი და მამუკას სახელის დაცვა, ეს არის ჩვენი ქვეყნის მომავლის დაცვა, ამაში დარწმუნებულები ვართ და მზად ვართ, დავიცვათ ეს მომავალი“, – აღნიშნა ჯაფარიძემ.
ჯაფარიძემ მედიასთან საუბრისას იმაზეც გაამახვილა ყურადღება, რომ, მიუხედავად მისი და ხაზარაძის გადაწყვეტილებისა, ჩამოშორდნენ “თიბისი ბანკსა” და სხვადასხვა პროექტს, ქართული კომპანიების აქციების ვარდნა მაინც გრძელდება. მისი განმარტებით, ამის მიზეზი დაკავშირებულია იმასთან, რომ იმ ადამიანებზე, ვინც ქვეყანაში წარმატების სიმბოლოა, იერიში ხორციელდება.
„რაც შეეხება იმ პროექტებს, რომლებშიც ვთამაშობდით წამყვან როლს – მზად ვართ, გავემიჯნოთ, რათა დავიცვათ ეს პროექტები. სამწუხაროდ, მიუხედავად იმისა, რომ გუშინწინ განვაცხადეთ გადადგომის შესახებ, ჯერ კიდევ ვერ ჩერდება ქართული კომპანიების აქციების ვარდნა, რადგან ეს არ არის მხოლოდ მამუკასა და ბადრის, საუბარია იმაზე, რომ იმ ადამიანზე, ვინც წარმოადგენენ წარმატების სიმბოლოს, ხორციელდება იერიში“, – განაცხადა ჯაფარიძემ.