ნიკო ნიკოლაძის საუნივერსიტეტო პრემია თსუ-ის სტუდენტური კონკურსის – „მისიის“ გამარჯვებულებს გადაეცათ
თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში პიარსა და მარკეტინგში ყოველწლიური კონკურსის – „მისია 2019“ ფინალური ეტაპი და გამარჯვებულთა დაჯილდოება გაიმართა. სტუდენტური კონკურსი თსუ-ის ყოველწლიური პროექტია, რომელსაც უნივერსიტეტი და წარმატებული ბრენდი ერთობლივად ახორციელებენ. კონკურსი წელს მეშვიდედ ჩატარდა.
„მისიის“ პირველ ტურში მონაწილეებმა უნივერსიტეტის მიერ შეთავაზებული დავალება შეასრულეს, კონკურსის მეორე ეტაპზე კი ჟიურის მიერ შერჩეულმა ხუთმა ფინალისტმა გუნდმა “ბაზისბანკისგან” მიიღო დავალება – განათლების ხელშემწყობი კამპანიის წარდგენა.
ფინალისტი გუნდებიდან სამი საუკეთესო კომპეტენტური ჟიურის მიერ შეირჩა. ჟიურის შემადგენლობაში „ბაზისბანკის“ საზოგადოებასთან ურთიერთობის განყოფილების უფროსი – თამარ ხადური, არასამთავრობო ორგანიზაცია „სიდას“ პროგრამული დირექტორი – ალომე ზურაბიშვილი, პიარისა და მარკეტინგული კომუნიკაციების კომპანია „ჯეპრა“-ს მმართველი პარტნიორი და უფროსი კონსულტანტი – სოსო გალუმაშვილი, საკომუნიკაციო ჯგუფ „ანაგრამას“ დამფუძნებელი – თაკო როდონაია და „ბაკურ სულაკაურის გამომცემლობის“ მარკეტინგის მენეჯერი, მწერალი დათო გორგილაძე იყვნენ.
ფინალურ ტურში გასული ხუთი გუნდიდან პირველ ადგილზე გავიდა გუნდი „100%“
მეორე ადგილზე – გუნდი „კანუდოსი“, ხოლო მესამე ადგილი გუნდმა „Creative Thinkers“ დაიკავა.
გამარჯვებულ სამეულს “ბაზისბანკისგან” ფულადი თანხა გადაეცა: პირველი ადგილის მფლობელ გუნდს 2500 ლარი, მეორე ადგილის მფლობელს – 1500 ლარი, ხოლო მესამე საპრიზო ადგილზე გასულ გუნდს – 1000 ლარი, ხოლო ნიკო ნიკოლაძის სახელობის პრემია 500 ლარის ოდენობით მიიღო პირველი ადგილის მფლობელმა გუნდმა „პროექტისთვის“ „მაღალმთიან რეგიონებში ქალთა ფინანსური განათლების ხელშეწყობა ტურისტული ბიზნესის განსავითარებლად“.
„საუკეთესო პროექტს, რომელიც გავიდა პირველ ადგილზე, არ შემოვდებთ თაროზე. „ბაზისბანკი“ უზრუნველყოფს ამ პროექტის ხორცშესხმას და რეალობაში განხორციელებას პროექტის ავტორებთან ერთად. ჩვენ მოხარულები ვართ, ვიყოთ ახალი და დარწმუნებული ვარ, მომავალში ძალიან პოპულარული „ნიკო ნიკოლაძის საუნივერსიტეტო პრემიის“ მხარდამჭერი კომპანია. ვთვლით, რომ ჯანსაღი და წარმატებული საზოგადოების საფუძველს განათლებული თაობის აღზრდა წარმოადგენს“, – აღნიშნა „ბაზისბანკის“ საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსმა, თამარ ხადურმა.
ნიკო ნიკოლაძის პრემიის დაარსების ინიციატორი საკონსულტაციო კომპანია “ჯეპრაა”.
პრემიის ფარგლებში პარტნიორ უნივერსიტეტებში ბიზნესკომპანიებთან თანამშრომლობით ჩატარებული კონკურსების გამარჯვებულებს საზოგადო მოღვაწის, ნიკო ნიკოლაძის სახელობის საუნივერსიტეტო პრემია გადაეცემათ.
„პრემიის დაარსების მიზანია ნიჭიერი სტუდენტების წარმოჩენა. პრემია ამ წლის მარტში დავაარსეთ, პირველი პრემია კი თსუ-ს კონკურსის გამარჯვებულებს გადავეცით, შემოდგომაზე დაგეგმილი გვაქვს სხვა უნივერსიტეტებთანაც თანამშრომლობა. აღნიშნული ინიციატივა ხელს უწყობს ბიზნესსა და საგანმანათლებლო სექტორს შორის კავშირის გამყარებასა და ბიზნესის საჭიროებებთან მორგებული სწავლებისთვის ცვლილების ხელშეწყობას”, – აღნიშნა „ჯეპრას“ კონსულტანტმა, რუსუდან უსტიაშვილმა.