ნათია თურნავა: ჩვენი ხელისუფლება არ იყენებს სასამართლოს ბიზნესზე ზეწოლისთვის, ეს ჩვენი ხელწერა არ გახლავთ
“ჩვენი ხელისუფლება არ იყენებს პროკურატურას, არ იყენებს სასამართლოს ბიზნესზე ზეწოლისთვის, ეს ჩვენი ხელწერა არ გახლავთ”, – ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, ნათია თურნავამ ჟურნალისტებს “თიბისი ბანკის” დამფუძნებლების – მამუკა ხაზარაძისა და ბადრი ჯაფარიძის პროკურატურაში დაბარების საკითხზე დასმული კითხვის საპასუხოდ განუცხადა.
მინისტრის თქმით, კანონის წინაშე ყველა თანასწორია და სასამართლოს გადაწყვეტილებას უნდა დაველოდოთ.
„ყველამ ვიცით, რომ ამ საკითხზე მიმდინარეობდა გამოძიება. პროკურატურამ იმოქმედა თავისი კანონიერი მანდატის ფარგლებში, თქვა თავისი სიტყვა, ახლა საქმე გადაეცემა სასამართლოს და ყველა მოთმინებით უნდა დაველოდოთ სასამართლოს გადაწყვეტილებას. ვიტყვი, რომ ყველა თანაბარი ვართ კანონის წინაშე, იქნება ეს საჯარო მოხელე, მთავრობის წევრი, ბიზნესის წარმომადგენელი, აბსოლუტურად რიგითი მოქალაქე. აქედან გამომდინარე, მოთმინებით დაველოდოთ სასამართლო გადაწყვეტილებას”, – განაცხადა ნათია თურნავამ.
თურნავას თქმით, პროკურატურის გადაწყვეტილების დაკავშირება ხაზარაძის მიერ დაანონსებულ საზოგადოებრივი მოძრაობის შექმნასთან, უადგილოა.
“შეგახსენებთ, რომ გამოძიება დაწყებულია ბევრად უფრო ადრე, ვიდრე ბატონი მამუკა პოლიტიკაში მოსვლასთან დაკავშირებულ გეგმებზე გააკეთებდა განაცხადს”, – აღნიშნა თურნავამ.