საქართველოს საელჩომ გერმანულ ტელეარხს აფხაზეთზე მომზადებული დამახინჯებული სიუჟეტის გამო წერილი გაუგზავნა

გერმანიაში საქართველოს საელჩომ გერმანიის საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველ არხს აფხაზეთზე დამახინჯებული სიუჟეტის გამო წერილი გაუგზავნა. ამის შესახებ დიპლომატიური მისიის განცხადებაშია ნათქვამი.
„გაცნობებთ, რომ საქართველოს საელჩომ გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკაში მოახდინა შესაბამისი რეაგირება 21 ივლისს გერმანიის საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველ არხზე გასულ სიუჟეტთან „აფხაზეთი – თოკით დაშვება საბჭოთა ნანგრევებზე“ დაკავშირებით. ისტორიული ფაქტების დამახინჯების გამო, ოფიციალური წერილი გაეგზავნა გერმანიის საზოგადოებრივი მაუწყებლის ხელმძღვანელობასა და რეპორტაჟის ავტორს. წერილში მითითებული იქნა, რომ სიუჟეტში დამახინჯებულია ისტორიული ფაქტები და საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიაზე – აფხაზეთში   არსებული ვითარება არაა სათანადოდ წარმოჩენილი.
საქართველოს საელჩო ყურადღებით ადევნებს თვალ-ყურს გერმანულ მედიაში საქართველოს შესახებ გავრცელებულ ინფორმაციას და, საჭიროების შემთხვევაში, მიმართავს შესაბამის ზომებს“, – წერია განცხადებაში.
გერმანიის საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველ არხზე გასულ სიუჟეტთან დაკავშირებით ინფორმაცია, თავდაპირველად, სოციალურ ქსელში გავრცელდა. საქართველოს საელჩო მოქალაქეებს სიფხიზლისა და ყურადღებისთვის მადლობას უხდის.
“250 000 აფხაზს არ სურს, საქართველოს ნაწილი იყოს” – ასე იწყება სიუჟეტი, რომელიც გერმანულმა ტელეარხმა აფხაზეთთან დაკავშირებით დღეს დილით, 23 ივლისს გაუშვა ეთერში. გერმანიაში საქართველოს დიპლომატიური მისიის წერილის მიუხედავად, სტატიაც და სიუჟეტიც ამ დრომდე მათ ვებგვერდზეა განთავსებული.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები