ბექა დავითულიანი – “ნაციონალურმა მოძრაობამ” დაამტკიცა, რომ დემოკრატია მათი კულტურის ნაწილი არ და ვერ იქნება

0

თბილისის საკრებულოს ფრაქცია „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარე, ბექა დავითულიანი, საკრებულოში მიმდინარე სხდომაზე ოპოზიციის მიერ დარბაზის დატოვებას გამოეხმაურა. მან ოპოზიციის გადაწყვეტილებას “პერფორმანსი” უწოდა და განაცხადა, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებას ვერ ეგუება. ბექა დავითულიანის განცხადებით, ევროპულმა სასამართლომ „ნაცმოძრაობას“ განაჩენი გამოუტანა.
„სტრასბურგის გადაწყვეტილებებმა ბეჭედი დაუსვა იმას, რაც საქართველოში ისედაც ყველამ ვიცოდით – ის, რომ ადამიანების წამება, საკუთარი თანამოქალაქეების მკვლელობა, მართლმსაჯულების მონოპოლიზაცია, სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლების შეზღუდვა და საკუთრების უფლების სისტემური დარღვევა, ამ რეჟიმის ხელწერა იყო. მეტიც, სტრასბურგმა მიიჩნია, რომ ეს ძალა ოპოზიციაში ყოფნის პირობებშიც ძალადობდა სასამართლოსა და მოსამართლეებზე – იმ სასამართლოზე, რომელიც, სტრასბურგისვე დასკვნით, მაღალი ევროპული სტანდარტებით ხელმძღვანელობს. ამ გადაწყვეტილებებით სტრასბურგმა, პრაქტიკულად, დაწერა, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ დემოკრატიასთან შეუთავსებელი ძალაა“, – განაცხადა ბექა დავითულიანმა.
მისივე თქმით, სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილების მიღების შემდეგ მთელი ეს გუნდი, თავისი სატელიტებით, ჩამოდგა და საკუთარი განცხადებებით კიდევ ერთხელ ღიად დაადასტურა, რომ ისინი დემოკრატიულ სტანდარტებთან ნამდვილად შეუთავსებლები არიან. როგორც ბექა დავითულიანმა განაცხადა, იმის მაგივრად, რომ ოპოზიცია საკუთარ დანაშაულზე დაფიქრებულიყო, მათ სტრასბურგის სასამართლოს ლანძღვა დაიწყეს, რადგან სამართლიანი, მაგრამ მათთვის არამომგებიანი გადაწყვეტილება გამოიტანა.
ფრაქცია „ქართული ოცნება დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარის თქმით, სტრასბურგმა „ნაციონალურ მოძრაობას“ უთხრა, რომ ის ღირებულებები, რაზეც დგანან, ცალსახად ანტიდასავლურია.
„იმათ, ვინც დღეს პროდასავლურობას იჩემებს, მიუთითეს, რომ ისინი ანტიდასავლურ პოლიტიკურ ძალას წარმოადგენენ“, – განაცხადა ბექა დავითულიანმა.

კომენტარები

კომენტარი