ტრამპი ჯონსონს პრემიერად არჩევას ულოცავს – „ის შესანიშნავი პრემიერი იქნება“
აშშ-ის პრეზიდენტი, დონალდ ტრამპი ბორის ჯონსონს ბრიტანეთის პრემიერმინისტრად არჩევას ულოცავს.
როგორც ტრამპმა Twitter-ის საკუთარ გვერდზე დაწერა, „ვულოცავთ ბორის ჯონსონს ბრიტანეთის პრემიერმინისტრად არჩევას. “ის შესანიშნავი იქნება“,- წერს ტრამპი.
დონალდ ტრამპი ჯერ კიდევ მარტში აცხადებდა, რომ იმ შემთხვევაში, თუ ტერეზა მეის “ბრექსიტთან“ დაკავშირებული გეგმა არ დამტკიცდებოდა და მას თანამდებობიდან წასვლა მოუწევდა, ახალ პრემიერად სწორედ ბორის ჯონსონს ისურვებდა, რადგან – “ძალიან მომწონს ბორის ჯონსონი. ის ჩემი მეგობარია“, – ამბობდა ტრამპი.
ბორის ჯონსონი ბრიტანეთის პრემიერმინისტრად დღეს კონსერვატიული პარტიის მიერ შიდაპოლიტიკური არჩევნების შედეგად დასახელდა.
მას თანამდებობაზე არჩევა ყოფილმა პრემიერმა, ტერეზა მეიმ მიულოცა და სრული მხარდაჭერა გამოუცხადა.